მთავრობამ ფსონი ეკონომიკაზე დადო - შეზღუდვების გაუქმებით ვითარება მკვეთრად იცვლება
საქართველოს ეკონომიკა გამოცოცხლების გზას ადგას. მშპ-ის მონაცემების გაუმჯობესება ახლა ყოველთვიურად მოსალოდნელია.
არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. ახლა მთავრობაში ელოდებიან, რომ წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება და ამას ხელს შეუწყობს ის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ჩანს, ქვეყანაში შეზღუდვების ხანგრძლივი პერიოდი სრულდება. მძიმე იანვარ-თებერვლის შემდეგ, ეკონომიკაში უკვე დადებითი ძვრებია. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დიდი ალბათობით, უკვე აპრილის თვიდან დაიწყება და მაისშიც იგივე შედეგი დაფიქსირდება. რადგანაც შედარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ხდება, სწორედ ამიტომ შესაძლებელია, აღნიშნულ თვეებში ქვეყანა ნახტომისებურ ზრდაზე გავიდეს, რადგან შარშან ამავე პერიოდში საკმაოდ მძიმე ვითარება იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ ფსონი ეკონომიკაზე დადო - შეზღუდვების გაუქმებით ვითარება მკვეთრად იცვლება / თუ მომდევნო თვეებში რაიმე კატასტროფა არ მოხდა, 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდება. “ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ზრდის დაგეგმილი მაჩვენებელი შესრულდება“, - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან. “ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე, თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი, - თქვა ფინანსთა მინისტრმა. ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში დაწესებული უქმე დღეების მოხსნა, რომელიც ხვალიდან ძალაში აღარ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან საგრძნობლად შემსუბუქდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, ბიზნესს სამუშაოდ მეტი დრო ექნება, რაც უდავოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. “გვესმის სირთულეები და არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, შეიძლება გადავხედოთ გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე იმ შემთხვევებზე საუბრობს, რა დროსაც პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალური გახდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუ სიტუაცია არ გაგვიუარესდა და დღის წესრიგში არ დადგა დამატებითი შეზღუდვები, განსაკუთრებთ _ გრძელვადიანი, შესაძლებელია, რეალური გახდეს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ასე მოხდება თუ - არა. არ ვიცით, ვაქცინაციის პროცესი როგორ გაგრძელდება, როდის შემოვა დამატებითი დოზები, როგორი იქნება მოსახლეობის განწყობა, გაუარესდება თუ არა ეპიდმდგომარეობა და ა.შ. ტურისტული ინდუსტრიის გააქტიურება, ეკონომიკისა და ბიზნესის საქმიანობის შეუზღუდავად გაგრძელება მოგვცემს საშუალებას, რომ 4%-იან მაჩვენებელს მივაღწიოთ. სხვა შემთხვევაში, თუ გვექნა „ლოქდაუნი“ და ა.შ. ძალიან რთული იქნება ამ შედეგზე გასვლა. ჯერჯერობით გვაქვს იმის შანსი, რომ მეორე კვარტალი უკეთესი იყოს, ვიდრე - პირველი. ეკონომიკური ზრდის მიღწევა მარტის თვეში მოვახერხეთ. ბუნებრივია, დასვენების დღეები იმოქმედებს, მაგრამ თუ ვითარება ასე გაგრძელდა, აპრილსა და მაისში უფრო მეტი მატება გვექნება, მაგრამ გასათვალიწინებელია, რატომ გვაქვს მაჩვენებელი. შარშან ამ დროს დაიწყო „ლოქდაუნი“, გაჩერდა ეკონომიკა და ახლა ჩვენ ვადარებთ იმ პერიოდს, როდესაც იყო უმკაცრესი შეზღუდვები და არა ჩვეულებრივ მდგომარეობას“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.
“ახლა მთავარია, ხელის შემშლელი ფაქტორი არ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და ქვეყანას განვითარების მეტი შანსი მიეცემა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე და მომდევნო წლები მძიმე იქნება. “პროგნოზირებულ შედეგამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, გამომდინარე პირველი კვარტალის მონაცემებიდან. ამასთან, წელს მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი, ამიტომ ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად ცვლიან მაკროეკონომიკურ მონაცემებს. ჩვენი ეკონომიკა ისეთი სტრუქტურისაა, რომ კრიზისი ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ დაგვარტყამს ხოლმე. თუნდაც ტურიზმი, ყველაზე გვიან ჩვენთან აღდგება”, - მიიჩნევს ჯანიაშვილი, რომლის განმარტებით, “ასეთ კრიზისულ ვითარებას ისეთი ქვყენები, რომელთაც ადგილობრივი წარმოება ძლიერი აქვთ, ბევრად მარტივად გადალახავენ”, - დასძენს გამოცემა.
“აგერ ჩინეთი, სასწაულ შედეგს აჩვენებს და პირველ კვარტალში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ლარი არასტაბილურია, ინფლაცია პროგნოზირებადზე ორჯერ მეტია, შესაბამისად, ეკონომიკას კრიზისიდან მარტივად გამოსვლა გაუჭირდება. ეს წელი და, სავარაუდოდ, მომდევნოც მძიმე იქნება... კომენდანტის საათი სერიოზულ პრობლემას უქმნის ბიზნესს და ძალიან კარგი იქნება, თუ შემსუბუქდება. კარგია, რომ თანდათან ტურიზმის კუთხით იხსნება ქვეყანა, რადგან ჩვენი ეკონომიკის შემოსავლები დიდწილად ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული. ამასთან, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები უნდა აამუშაოს სახელმწიფომ”, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი