ლარი გამყარებას გააგრძელებს - რა კურსი იქნება ზაფხულის სეზონის დაწყების წინ?
"ეროვნული ვალუტა, როგორც იქნა, მეთოდური გამყარების გზას დაადგა.
გუშინ, დღის ბოლოს, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.38 ლარი ღირდა. პოზიტიური მოლოდინი აქვთ როგორც მთავრობას, ისე ფინანსისტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს, რასაც ხელს ტურიზმის გააქტიურება შეუწყობს", - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ლარი გამყარებას გააგრძელებს - რა კურსი იქნება ზაფხულის სეზონის დაწყების წინ?/მთავრობა და ფინანსისტები მხოლოდ დადებით ტენდენციებზე საუბრობენ
"დიდი გაუფასურებისა და არასტაბილურობის შემდეგ, სავალუტო ბაზარზე დადებითი ნიშნებია. ლარი 3.40-იან ნიშნულს საკმაოდ ჩამოსცდა და გეზი 3.35-სკენ აიღო. სავარაუდოდ, ეს არის ნიშნული, რომელზეც ზაფხულის სეზონის წინ ეროვნული ვალუტა შეჩერდება. როგორც იქნა, იმედიანად არიან მთავრობაში და აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს, რადგან შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, დადებითად აისახება გაცვლით კურსზე. კომენდანტის საათის გადაწევამ და შაბათ-კვირას ღია სივრცეში რესტორნებისთვის მუშაობის უფლების მინიჭება დადებით შედეგს გამოიღებს. “ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე უკეთესია, ვიდრე ვარაუდი იყო და იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს, მგონია, რომ ლართან მიმართებით ეს მოლოდინი დადებითად აისახება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, - აღნიშნავს გამოცემა.
"ახლა დიდი როლი ტურიზმის მიმართულებას აკირსია. რაც უფრო სწრაფად მოხდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის აღგენა, ლარის კურსი მით უფრო მეტად გამყარდება. ტურიზმის გარდა მინიშვნელოვანია, ეკონომიკის ბოლომდე აღდგენა, ექსპორტის გაზრდა და ფულადი გზავნილების წილიც. „ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დამოკიდებულია უცხოური ვალუტის შეუფერხებელ შემოდინებაზე ქვეყანაში. ყველაზე მეტი ვალუტა შემოაქვს ტურიზმს. 2019 წელს 3,3 მლრდ დოლარი შემოვიდა ამ გზით. რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ტურიზმს, მით უფრო მეტად გამყარდება ჩვენი ვალუტა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. პოზიტიური მოლოდინი აქვთ სპეციალისტებსაც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე პირდაპირ ამბობს, რომ ჯერჯერობით ლარის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება. "კურსის პროგნოზირება ძალიან რთული და შეუძლებელია. კარგია, რომ გამყარების ტენდენცია დაიწყო. ეკონომიკას გაუჩნდა გამოცოცხლების შესაძლებლობა, გადაიწია კომენდანტის საათმა და ახლა გვაქვს მცირედით, თუმცა გამყარების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა არ ველი, რომ განსაკუთრებული ტემპი იქნება. სავარაუდოდ, გამყარება კიდევ გაგრძლედება და მერე ახალ ნიშნულზე დასტაბილურდება”, - განაგრძობს გამოცემა.
"ტურიზმის აღდგენა ეროვნულ ვალუტას ძალიან დაემხარება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა. თუკი მოვახერხეთ, რომ ზაფხულის სეზონი გავხსენით და მას კარგი ეპიდემიოლოგიური პირობებით შევხვდით, ეს გარემოება ძალიან დაეხმარება, როგორც ეკონომიკას, ისე ეროვნულ ვალუტას”, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ “რეზონანსს”. გარემოებები, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ახდენს, გაუმჯობესებულია. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ფინანსისტი ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე და მისი მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია. “აპრილში 70%-იანი ზრდა გვქონდა ექსპორტის მიმართულებით. გაუმჯობესება არის არა მატო ექსპორტის მხრივ, არამედ საგარეო სავაჭრო ბალანსის დეტიფიტშიც. მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტი ვალუტა შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ასევე პოზიტიური დინამიკაა ფულადი გზავნილების გადმორიცხვის მხრივაც. როდესაც ინვესტიციების მაჩვენებლი შემცირებულია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალანსება ხდება ექსპორტით და მათ შორის სხვა სავალუტო შემოდინებებითაც. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნებლობა აქვს იმას, თუ როგორი არის ეკონომიკური ზრდა. ჯერ აპრილის დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ, ჩემი გათვლებით, მინიმუმ 8%-იანი მატება იქნება. უკვე მაისში ვნახავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი დადებითში გადავა. ეკონომიკა გამოდის რეცესიული ციკლიდან და ბუნებრივია, რომ ეს სავალუტო კურსზე პირდაპირ ზემოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია”, - აღნიშნა “რეზონანსთან” ცუცქირიძემ, - დასძენს გამოცემა.
"დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი - 3.38-3.39 ლარი, ხოლო ევრო კი - 4.10-4.11 ლარი ღირს. ეკონომიკის დოქტორი, გოჩა თუთბერიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ. “გამყარების ტენდენცია შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუკი ქვეყანა გაიხსნება და კომენდანტის საათი სრულიად მოხსნება. მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა შეცვალოს ცხოვრება, შემოვიდეს უცხოური ვალუტის ნაკადი, რაც ლარზე საკმაოდ დადებითად იმოქმედებს. ბოლო პერიოდში, ექსპორტი შედარებით გააქტიურდა, რაც კარგია, თუმცა ცუდია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, პრაქტიკულად, განულდა. თუ შეზღუდვების შემსუბუქება ისევ გაგრძელდება და ტურიზმიც გაიხსნება, შესაძლებელია ლარი ცოტათი კიდევ გამყარდეს, თუმცა მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. კომენდანტი საათის გადაწევა და შაბათ-კვირას ღია სივრცეში რესტორნების გახსნა შიდა ტურზმს უფრო წაადგება, ვიდრე საერთაშორისო ტურიზმს. შიდა ტურიზმი კი, ლარზე ვერ იმოქმედებს. საუბარი მიდის იმაზე, რომ თუ მოიხსნება კომენდანტის საათი და დარჩენილი შეზღუდვები, გაიხსნება საზღვრები და ტურისტები შემოვლენ. ამ შემთხვევაში მეტი უცხოური ვალუტაც შემოვა ქვეყანაში და ეს ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს”, - განუცხადა თუთბერიძემ “რეზონანსს”. უფრო პოზიტიური მოლოდინი უკვე ზაფხულის სეზონიდან არსებობს. ტურიზმის მიმართულებას ეროვნული ვალუტაზე საკმაო გავლენა აქვს. გარდა ამისა, ყოველთვიურად უმჯობესება ეკონომიკური მაჩვენებელიც და ზაფხულზე ბევრად უკეთესი შედეგი გველოდება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში