ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 10%-მდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2 პროცენტი). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს.
ადგილობრივი ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კომუნალური გადასახადები, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზემოაღნიშნულ დროებით ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნაც – ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 12.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზმა 8.5 პროცენტამდე მოიმატა. ამასთან, ფისკალური სტიმულის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია. განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.
იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
უწყების ცნობით, საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, თუმცა, ჯამურად – ტურიზმის გათვალისწინებით – პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საქონლის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ივნისში წლიურად 11-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 64 პროცენტია. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, ივნისში 37 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აღემატება.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში