რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - მინისტრის განმარტება
“მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ, ხოლო მათ ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000 ლარს მიიღებენ“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
„ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკოორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კომპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
