"ინფლაცია აქტუალური თემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის მსოფლიოში"
მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი უფრო სწრაფად დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, ვიდრე პროგნოზირებულია.
„ფისკალური მიმართულებით, ესაა საბიუჯეტო დეფიციტი. ამ მიმართულებით შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ორი წლის განმავლობაში. თუ შევხედავთ პანდემიის პერიოდს, საბიუჯეტო დეფიციტი იყო 9.3 პროცენტი. 2023 წელს ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტი ითვალისწინებს 2.8-პროცენტიან საბიუჯეტო დეფიციტს. იშვიათად ნახავთ მსოფლიოს ქვეყნებს, სადაც ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დროის ასეთ მცირე მონაკვეთში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ინარჩუნებს მაღალ ნიშნულზე.
„საგულისხმოა ის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა დაიწყო მაშინვე, რაც გაჩნდა ინფლაციის ზრდის მოლოდინები. ეროვნული ბანკის მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სხვა ინსტრუმენტების საშუალებითაც დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება.
„როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ინფლაცია იქნება ზუსტად სამი პროცენტი. ესაა მიზნობრივი მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლიდან გადახრა შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შენარჩუნდეს მიზნობრივთან ახლოს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროგნოზი გაკეთებულია ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გარემო საკმაოდ ცვალებადია, არსებობს ბევრი რისკი, ყველა მიმართულებით. გარანტია იმისა, რომ ამ პროგნოზებს, მათ შორის, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნება – არ არსებობს, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რა გავლენას ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
„ომის გავლენა გლობალურ ინფლაციაზე საკმაოდ მაღალია. ეს გამოწვეულია, როგორც სურსათის მიმართულებით ფასების ზრდით, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. ასევე, ინფლაციაზე პანდემიის პერიოდში გავლენა იქონია მიწოდების ჯაჭვში არსებულმა შეფერხებებმა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ზრდის ტემპმა დაიწყო შემცირება. ვფიქრობ, მომდევნო თვეებში გაგრძელდება ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება და მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"