ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე.წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, შორი მანძილებიდან ახალი ავიამიმართულებები დაემატოს.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია – 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.
„ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
სიახლეები
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი
- „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
- საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა