“ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას კენჭისყრის ყველა პროცედურასთან დაკავშირებით” - გიორგი კალანდარიშვილი
2024 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალაუფლების ახალ განაწილებას განსაზღვრავს. სწორედ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქართველი ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი ნაწილი კი ტრადიციული მეთოდით.
საქართველოში 2024 წლისათვის საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მოქალაქეთა იდენტიფიცირებასა და ვერიფიკაციას მოახდენს. აპარატის მარცხენა მხარეს განთავსებულია MRZ წამკითხველი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილ მონაცემებს კითხულობს და მის იდენტიფიცირებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი მოწყობილობა. აპარატში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა, რომელიც კონკრეტული საარჩევნო უბნის ბიულეტენზე დატანილი ინფორმაციის, ყუთში მოთავსებული ბიულეტენების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
საარჩევნო სიახლეებზე, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე 13-14 აგვისტოს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში დავით ღონღაძემ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში, ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, ელექტრონული არჩევნების უპირატესობები, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ინფორმირების კამპანია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის და ა.შ.
უფრო ვრცლად ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის გამოყენებაზე FirstNews.ge-ს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა:
- რამდენად აპრობირებული მეთოდია ელექტრონული არჩევნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
- ელექტრონული არჩევნები, იგივე ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება, სხვადასხვა საარჩევნო პროცესებში მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პრაქტიკას წარმოადგენს. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოცდილება ამ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში გამოყენებულია ის მოდელი, როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმების დათვლის პროცესში, მაქსიმალურად აზღვევს რისკებს და უზრუნველყოფს კიბერსაფრთხეებთან მიმართებით მოწყვლადობას. იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც უფლებამოსილება აქვს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს, რაც თავის მხრივ, ასევე უზრუნველყოფს სიმარტივეს კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით.
- რამდენად სანდოა ასეთი არჩევნები?
- ტექნოლოგიური საშუალებები არ არის გარანტი იმისა, რომ აბსოლუტური ნდობა, ან მიმღებლობა იქნება საზოგადოებაში. ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება და მათი ინტერვენცია არის მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ უზრუნველყოს დიდი გამჭვირვალობა და საჯაროობა კენჭისყრის ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.
კვალდაკვალ ყველა მოქმედება და ყველა ნაბიჯი არის გადამოწმებადი/შემოწმებადი. შესაბამისად, ის სიმარტივე, რომელიც ტექნოლოგიებს გამოყენებას შემოაქვს, გვაძლევს გრძელვადიან პერსპექტივას, იმას, რომ ნდობის ფაქტორი და მიმღებლობა იქნება უზრუნველყოფილი.
- რა აჩვენა აქამდე ჩატარებულმა საპილოტე არჩევნებმა? (დადებითი და უარყოფითი მხარეები)
- ევროპული სტანდარტების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის ის, რომ თუ ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ რამდენჯერმე უნდა იყოს პილოტირებული ტესტირებული, გამოცდილი, ადაპტირებული ადგილობრივ საჭიროებასთან შესაბამისად.
ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ 2018 წლიდან დღემდე ჩაგვეტარებინა 8 პილოტი, რეალური არჩევნების პირობებში სხვადასხვა შუალედური, რიგგარეშე, თუ საერთო არჩევნებში, რომელმაც, რა თქმა უნდა, ნაბიჯ -ნაბიჯ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით პროცესი მაქსიმალურად გაგვევითარებინა. გაგვეთვალისწინებინა ის რისკები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა წარმოჩნდეს ამ პროცესში მოგვეხდინა მათი გადაზღვევა შესაბამისი პროცედურებით, რაც რა თქმა უნდა, მოგვცემს იმას, რომ განვლილი გამოცდილების გათვალისწინებით გამოკვეთილი საკითხები გვითვალისწინოთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ უპირობოდ იქნება გადათვლილი ყველა საარჩევნო უბანი, სადაც განთავსდება ტექნოლოგიური საშუალებები. კერძოდ კი საუბარია ამომრჩეველთა თითქმის 80% შემთხვევაში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც თავის მხრივ პროცესში ძალიან დიდი გამჭვირვალობას და საჯაროობას შემოიტანს.
ეს ერთ-ერთი წუხილთაგანია, რომელიც გასულ წლებში იკვეთებოდა საარჩევნო შედეგების დათვლის პროცესთან მიმართებით. ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციებთან დაკავშირებით - ესეც ერთ-ერთი სტანდარტის გამოძახილია. ამასთანავე აღსანიშნია ის, რომ გარდა შედეგების გადათვლისა, ამ ორ კომპონენტში ტექნოლოგიების გამოყენების მე-3 კომპონენტი იქნება ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება. ეს არის პლანშეტები რომელთა გამოყენება პირდაპირ საარჩევნო უბნიდან განხორციელდება და შედეგები გადაიცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასწარ შედეგების გამოქვეყნების დროს.
პილოტების ანალიზს შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები, რომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ქართული არჩევნებისთვის.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი