October 22, 2024

არჩევნების წინა ბოლო კვირა - ვის უმტყუნებს ნერვები

“არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს, შესაძლოა, მოჩვენებითი სიმშვიდე იყოს დ არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირაში ხელისუფლებას ან ოპოზიციას ნერვებმა უმტყუნოს.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ვითარება არც ისე მშვიდია, როგოც ამის წარმოჩენას ხელისუფლება ცდილობს. მათი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული მიზნებისთვის ართმევენ და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის პარალლეურად ხდება ოპოზიციის მხარდმჭერთა თვალთვალი, მოსმენა, დაშინება და შანტაჟი. ასევე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. მაგალითად, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ 19 ოქტომბერს თბილისის ცენტრში, სადაც მათი ოფისია, თავს დაესხნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნების წინა ბოლო კვირა - ვის უმტყუნებს ნერვები.

“მითხრეს, აქ კედლებს რატომ ღებავო. ვუთხარი - სამსახურში მივდივარ, გამიშვით-მეთქი. დარეკეს. მოვიდა მანქანა, გადმოვიდა ხუთი კაცი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ, გააძრეს “პულვერიზატორი”, მცემეს, მირტყეს და შემღებეს... გამომსარჩლებელი არავინ იყო”, - ამბობს ბადრი ოყუჯავა. ოპონენტების ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია და ამის დასტურად ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მოჰყავთ. ასევე უარყოფენ ოყუჯავაზე თავდასხმაში მათი მხარდამჭერების მონაწილეობას. მმართველი გუნდი ოპოზიციას ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებაში სდებს ბრალს და ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს. “ქართული ოცნებიდან” ოპონენტებს რამდენჯერმე გაახსენეს 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო, თუმცა ფაქტი ვერ დადასტურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გასულ კვირას საგანგებო განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული ცრუ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება. ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა, ასევე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ანალიტრიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველაზე მეტად სიმშვიდე ხელისუფლებას აწყობს, რადგან დასავლეთისგან აქვს საფრთხე არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე იცის, რომ მას ყველა მხრიდან აკვირდებიან, ამიტომაც მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს სიმშვიდე შეინარჩუნოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ლოგიკურად ასეა, რომ მმართველ გუნდს ახლა არაფერში უნდა აწყობდეს დაპირისპირება, ფიზიკური ანგარისწორება და დაშინება. მან კარგად იცის, რომ ყველა მხრიდან გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მას არაფერი დაბრალდეს. რაც შეეხება ამ ახალგაზრდაზე თავდასხმას, თუ ხელისუფლებას ამაში წვლილი არ მიუძღვის, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეს მაქსიმალურ ვადებში გაარკვიოს და თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინოს. მაშინ უკვე დამაჯერებელი იქნება, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ოპოზიცია კი, რასაკვირველია, ეცდება ასეთი ფაქტების გამოყენებას. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, ასევე ვიტყვი, რომ თუ მათ რაიმე ხელშესახები აქვთ ოპოზიციის წინააღმდეგ და იციან ასეთ ფალსიფიცირებული კადრების და აუდიო ჩანაწერების გაკეთებას ვინც აპირებს, მაშინ აჩვენონ და უფრო მეტი უთხრან ამაზე საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისევ პოლიტიკურ მანიპულაციად ჩაითველება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუმცა, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მაინც ველი, რომ უმძიმესი კვირა გევქნება. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს ნერვებმა მით უფრო უმტყუნოს. ამიტომ წინასწარ ხელისუფლების ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი. კი, ბატონო, “ნაციონალების” დროსაც და ადრეც რომ იყო ქვების სროლა პოლიტიკოსებზე და ოპოზიციაზე, მსგავსი შემთხვევა არ არის. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა და ამ დღეებში არ გამორიცხავს სიტუაციის უფრო დაძაბვას. როგორც იგი “რეზონანსთან” აცხადებს, დიდი ალბათობით, არჩევნების მოახლვებასთან ერთად “ოცნებას” ნერვები უმტყუნებს”, - დასძენს გამოცემა.

“ვინ ურეკავდა ოპოზიციის მხარდამჭერებს და აგინებდა? ვინ დაესხა ოპოზიციონერ ლიდერებს და ვინ გაუსწორდა მათ ფიზიკურად - გამოიძიეს? სად არიან დაკავებულები, ან საერთოდ იდენტიფიცირებული არიან ეს ადამიანები? არა და არც არავის აღარ ახსენებს იმ სასტიკ ანგარიშსწორებას, რაც მაისში პოლიტრიკურ ლიდერებზე მოხდა. “ოცნების” ე.წ. ტიტუშკები და ზონდერები დიდი ალბათობით არჩევნების დღეს ამოქმედდებიან. ასევე დაიწყება ე.წ. ძველი ბიჭების ამოქმედება, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მისული ხალხის დაშინებას დაიწყებენ. ეს მაინც მოჩვენებითი სიმშვიდეა და ამ დღეებში, ფაქტია, მათ (ხელისუფლებას) ნერვები უმტყუნებთ. კარგად იციან, რომ სხვაგვარად არჩევნების მომგები არ არიან. ალბათ ისევ საარჩევნო უბნებთან დაიწყებენ ხალხის შანტაჟს. არც ფიზიკური ანგარიშსწორებაა გამორიცხული. ბოლო ფაქტი - თუ ოყუჯავას ცემა თავად ხელისუფლებამ არ დაუკვეთა, მაშინ რა უნდა იმ ადამიანების დადგენას, ვინც ის სცემა? ამიტომ “ოცნების” ამ მოჩვენებითი სიმშვიდის არავის სჯერა, რადგან მათ ახლა ყველაზე მეტად არჩევნების წაგების ეშინიათ. როცა ხელისუფლებას რაღაცის ეშინია, ის კარგავს კონტროლს და მაშინვე ძალადობას იწყებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 52 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.