"ისმის სპეკულაციური განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალზე" - ცესკოს პრესსპიკერი
ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით - ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად, მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.
„შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.
როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება.
იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე“, - განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
