November 22, 2024

„ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი - ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არ შეცღვლილა, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიცია ელჩებისთვის მიწოდებულ დოკუმენტში„ქართულ ოცნებას“ ასევე სთავაზობს გზას, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე.

 

უგულავას თქმით, პლებისციტი ვერ ჩაანაცვლებს რიგგარეშე არჩევნებს.

 

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით ის პაკეტი, რაც ელჩების საშუალებით შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ და წერილობით ველოდებით პასუხს. ბუნებრივია, სხვადასხვა პუნქტთან დაკავშირებით იყო მსჯელობები. ელჩების თხოვნით, მე ვერ ვიტყვი მოთხოვნები რა არის. მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ. პლებისციტი რა არის? ეს არის, როდესაც არის ჩიხი, მოდი ვკითხოთ ხალხს. ის ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, ეს კარგად მინდა განვმარტო. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი. მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახები და გამოსავალი არ არის, უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წაკითხვა 597 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.