“ფორმალური ჩასვლა არ გამოვა, გარეჯზე აუცილებლად რაღაც ინფორმაცია უნდა ჩამოიტანოს” - რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და ალიევი

“აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა.

ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოს სტუმრობს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენთან “ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრით დაიწყო, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილი და ალიევი - “დავით გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება”.

 

„ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერსთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ”, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა დავით-გარეჯის საკითხი განიხილეს. “შეხვედრაზე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა “შეჰიდების ხეივანში”, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რა არის ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის მთავარი მიზანი და ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისრა მთავარი თემებია? ამ საკითხზე საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც გარეჯის საკითხი მოსაგვარებელია. “ბუნებრივია, სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელ-მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა და ვიზიტები ჩვეული ამბავია, იმიტომ, რომ მათთან მრავალი წელია კარგიურთიერთობა გვაკავშირებს. შესაბამისად, არსებობს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ეს იქნება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში ეკონომიკაში თუ სხვადასხვა სექტორებში. ასე რომ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზეც, როდესაც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსაგვარებელი, რასაც ჰქვია დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია”, - ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, ეს ვიზიტი იმითაც არის საგულისხმო, რომ როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში აღინიშნა, ერთობლივი კომისიის მუშაობაც განახლდება”, - დასძენს გამოცემა.

 

“შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხი, ადრე თუ გვიან ისეთ შედეგს მიიღებს, რომელიც ჩვენი-საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძმური და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მისაღები იქნება”, - ამბობს აბაშიძე. “თემები აზერბაიჯანთან ბევრია, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და აქ არის როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე მრავალმხრივი ფორმატის საკითხები, რაც დაკავშირებუყლია ევროპა აზიის სატრანსპორტო დერეფანთან და ასევე სხვა თემები. თუმცა, პრემიერი კონკრეტულად რაზე გაამახვილებს ყურადღებას, ვერ გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მთავრობა რა განცხადებას გააკეთებს”, - ამის შესახებ კი “რეზონანსთან” საგარეო საკითხების ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მისი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობა გარეჯის თემაზე აწეულ ტემპერატურას დაემთხვა”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“როგორც წესი, ახალი პრემიერ-მინისტრები ვიზიტებს პირველ რიგში მეგობარ სახელმწიფოებში ახორციელებენ და უკვე არსებული ტრადიციაა, რომ ჩვენი პრეზიდენტები, პრემიერები და პირველი პირები პირველ რიგში აუცილებლად მიდიან აზერბაიჯანში, სომხეთში, ბრიუსელში, თურქეთში და მერე ვაშინგტონში. ღარიბაშვილი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ის როცა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ამას გარეჯის კრიზისი დაემთხვა, ამიტომ, მისი მხოლოდ ფორმალური ჩასვლა არ გამოვა, გარეჯზე აუცილებლად რაღაც ინფორმაცია უნდა ჩამოიტანოს, ამას საზოგადოება ელოდება. “ქართულმა ოცნებამ” ამაზე ტემპერატურა თვითონ აბსოლუტურად უაზროდ ასწია და დღეს გახდნენ ამ აწეული ტემპერატურის მძევალი. ანუ, მან აუცილებლად რაღაცა პასუხი უნდა ჩამოიტანოს - ორი აზრი არ არის, რომ ეს პასუხი საბოლოო და ყველაზე საუკეთესო. აზერბაიჯანს საქართველოსთან პრობლემა არ აქვს, ის ტერიტორიას არ დაობს, ის რაც ჩვენთვის სადაოა, აზერბაიჯანისთვის სადაო არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ამ ფონზე ღარიბაშვილს რთული ვითარება ჰქონდა, ერთის მხრივ, უნდა ჩასულიყო და აუცილებლად შეხვედროდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა მეგობარი სახელმწიფოა და უხერხული იყო, მეორე მხრივ, რაკი ამ ჩასვლაზე აუცილებლობა იყო, გარეჯზე რა ინფორმაციას ჩამოიტანს, როგორ მოახერხებს ამ ურთიერთგამომრიცხავ ამოცანის შესრულებას, ეს რთული იქნება. ყარაბაღიდან გამომდინარე, მთელი შარშანდელი წელიწადი ხელიდან გავუშვით, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაქოში, ერევანში, სტამბულში, თეირანში ჩასულიყო - ჩვენ ეს გამოვტოვეთ, სიტუაციამ უჩვენოდ ჩაიარა. სუფრა უკვე აშლილია და ახლა უკვე ნამცეცობაზე მივდივართ, იმ ქალაქში, სადაც კავკასიის ბედი წყდებოდა. დღეს ერთადერთი მთავარი ამოცანაა, რომ მან აზერბაიჯანთან ერთის მხრივ კეთილგანწყობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ აუხსნას თუ გარეჯზე ამდენი ხმაური რატომ იყო. ტელევიზიაში გამოკრული იყო გარეჯი საქართველოა და მან უნდა აუხსნას რატომ აიწია ანტიაზერბაიჯანული კამპანია საქართველოში, ეს რა თქმა უნდა ღარიბაშვილისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება და ვნახოთ აქედან როგორ გამოძვრება. ძალიან საინტერესოა რა შედეგით ჩამოვა და მერე აზერბაიჯანული პრესა რას დაწერს, ბუნებრივია, ილჰამ ალიევი პირდაპირ დაინტერესებული არ იქნება, რომ საქართველოს რაღაცაში უსაყვედუროს, მაგრამ, მგონია, რომ პრესაში რაღაც ინფორმაცია გაჟონავს”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 624 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.