„ხეებისადმი გამოხატული სიყვარული თუ ძალის დემონსტრაცია?" - ოლიგარქის უცნაური პარკი

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ხეებისადმი გამოხატული სიყვარული თუ ძალის დემონსტრაცია? ოლიგარქის უცნაური პარკი: მილიარდერი ექს-პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი კრიტიკოსების თქმით, იგი მაინც მნიშვნელოვანი ძალაუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

 

„საქართველოს მცხოვრებლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიურეალისტური სანახაობის მოწმენი გახდნენ: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეები შავ ზღვაში ვერტიკალურად მდგარნი მიცურავდნენ. დიდებული მაგნოლიები, ლირიოდენდრონები და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები, ხშირი ტოტებით, წყლის ზედაპირზე, ერთგვარი პროცესიის სახით მოძრაობდნენ, რაც ერთდროულად პოეტურიც იყო და გიჟურიც.

 

ხეები ბარჟებზე იყვნენ დამაგრებულნი და ბუქსირ ჩაბმულები იმ ახალ პარკში გადაჰქონდათ, რომელიც ექსცენტრიულმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააშენა - ადამიანმა, რომელიც, ბევრი ქართველის აზრით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას იმის მიუხედავად, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის მეტი ყურადღების დათმობის მიზნით.

 

პარკში დაახლოებით 200-მდე ხე იქნა გადატანილი, რომლებიც კავკასიაში მდებარე ქვეყნის - საქართველოს ღარიბი სოფლებიდან ფესვებიან-მიწიანად ამოთხარეს. ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი ხე პირადად შეარჩია.

 

ხეების ნაწილი პარკში ბარჟით მიიტანეს, ხოლო დანარჩენი - სატვირთო მანქანებით. ამისათვის მდინარეების კალაპოტები გააფართოვეს, რკინიგზაზე კი მატარებლებს გაჩერება მოუწიათ. 2020 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის პარკი საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. იგი მთავრობაში ოფიციალურ როლს არ ასრულებს, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, 65 წლის ბიძინა ივანიშვილს კულისებიდან ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. „მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია  და რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილია“, - ამბობს მისი ყოფილი მოკავშირე გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის თებერვალში გადადგა და განაცხადა, რომ მილიარდერის მხრიდან კონტროლი უკვე სულის მოთქმის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა. 

 

შავი ზღვის პირას, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის ექსტრავაგანტურ გემოვნებას ასახავს: პარკში დაკლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებია, ტბაში ვარდიფერი ფლამინგოებია,  ვარხვები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები... პროექტის მენეჯერის, პაატა სულაბერიძის თქმით, პარკი პირადად მილიარდერმა დააპროექტა. შესვლა და დათვალიერება უფასოა. პარკის გაშენება მილიარდერს ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა - მან ეს ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში განაცხადა.

 

ირგვლივ წარწერებია, რომ პარკი კერძო საკუთრებაა, ყველგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ხოლო ყოველ ხესთან გადაადგილების დამაფიქსირებელი დეტექტორებია დამონტაჟებული - „შეხედე, მაგრამ არ შეეხო“. იგივე წესი არსებობს გაზონების მიმართაც. დაცვა ყველას რუპორებით აფრთხილებს და წესრიგის დარღვევაზე სწრაფად რეაგირებენ. და მაინც ბევრი მნახველი ამბობს, რამ მათ პარკი ძალიან მოსწონთ.

 

„შესაძლოა, ვიღაცა ამ ყველაფერს არასწორად მიიჩნევს, მაგრამ განა ცუდია, რომ ხეები პარკში დგანან?, - ამბობს ნიუსია ჰომანი, - დიახ, ეს პარკი მან [ბიძინა ივანიშვილმა]  უპირველესად თავისთვის გააშენა. როგორც ხალხი ლაპარაკობს, იგი აქ ყოველ დილით მოდის და იმ ენერგიას იღებს, რომელსაც ხეები გამოსცემენ“.

 

ბევრი თეორია არსებობს იმაზე, თუ რატომ არის გატაცებული ბიძინა ივანიშვილი ხეებით. ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება.

 

სალომე ჯაში, ქართველი კინორეჟისორი, ბიძინა ივანიშვილის „აკვიატებაში“ უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ბუნებისადმი სიყვარულს: „ჩემთვის ზღვაში მცურავი ხე ძალის გამოვლენის სიმბოლოს წარმოადგენს, სურვილის შესრულებას ყველაფრის ფასად“, - ამბობს სალომე ჯაში, რომელმაც დოკუმენტური ფილმი გადაიღო პარკის გაშენების თაობაზე.

 

თავის მხრივ, პროექტი ხელმძღვანელი პაატა სულაბერიძე სალომე ჯაშის ნათქვამს  უარყოფს. იგი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, ხეები ძალიან უყვარს.

 

მრავალი ქართველი კმაყოფილებას გამოხატავს იმით, რომ პარკის დათვალიერება უფასოა. დღეისათვის დენდროლოგიური პარკი მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა ნახა. საქართველოს მოსახლეობა მილიარდერს იმის გამოც ემადლიერება, რომ იგი მატერიალურად და ფინანსურად ეხმარება მხატვრებს, პოეტებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. „ზოგიერთს არ ესმის და ვერ ხედავს, თუ როგორ ეხმარება იგი საქართველოს“, - ამბობს ბათუმელი ბიზნესმენი როსტომ ბოლქვაძე, რომელმაც პარკი დაათვალიერა.

 

მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები მას ფეოდალურ ლორდად თვლიან, რომელიც თავისი სიმდიდრის მცირე ნაწილს მოსახლეობაში არიგებს, მათი კეთილი განწყობის „ყიდვის“ მიზნით. ოპონენტების აზრით, მისი პოლიტიკიდან სწავლა ფიქციაა და მეტი არაფერი: „ის არსად არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში იგი ყველგან არის“, - ამბობს არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, მეტალურგიისა და საბანკო სფეროში იმ დროს, როცა ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქაოსურ პროცესებში იყო ჩაფლული. მილიარდერის სიმდიდრე დღეისათვის 6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს აღემატება.

 

ბევრი ქართველი ვარაუდობს, რომ კრემლი არასდროს არ მისცემდა ნებას ასეთ მდიდარ ადამიანს რუსეთი დაეტოვებინა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო იმაში, რომ მას თავისი ფულით საქართველოში გავლენა ექნებოდა - სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, რომელიც ყველანაირად ცდილობს თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მეზობელი დიდი სახელმწიფოების - თურქეთისა და რუსეთის ამბიციების პირობებში.

 

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კრიტიკოსია მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და გასული წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში მოულოდნელად დაბრუნდა. ამჟამად ექს-პრეზიდენტი პატიმარია, იგი საპყრობილეშია მოთავსებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც უარყოფს.

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა საქართველო დისტანცირებული ყოფილიყო თავისი საბჭოური წარსულისაგან, საკუთარ თავს „ვლადიმერ პუტინის პატიმარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ლაქიას წარმოადგენს.

 

მაგრამ გიორგი ხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ (ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტიიდან) ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პოსტიდან გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა  გულწრფელი ნაბიჯს წარმოადგენდა: „მისი იდეა ის იყო, რომ დაეტოვებინა [ქვეყნის მმართველობის] სისტემა და გვერდზე გამდგარიყო“.

 

ამ სტატიისათვის ინტერვიუს ჩაწერის მრავალჯერად თხოვნაზე ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

 

შესაძლოა მისი როლი დღეს მკაფიო არ არის, მაგრამ ოდესღაც ბიძინა ივანიშვილი ძალზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, სადაც ამომრჩევლები კანდიდატის რუსეთისადმი დამოკიდებულებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

 

როგორც პოლიტიკური პარტიების კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრ პოსტს 2013 წლის ნოემბრამდე იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში იგი პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს ატარებდა, მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა იმავდროულად ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობაში პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებასაც.

 

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ოპოზიციაში ჩაუდგა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც, მმართველობის ვადის დასრულების შემდეგ ქვეყანა სწრაფად დატოვა.

 

როგორც ყაზახეთის სისხლიანმა პროტესტებმა გვაჩვენა, ხელისუფლების გადაცემა ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ხშირად ქაოსური და ძალადობრივ ხასიათისა იყო, ბიძინა ივანიშვილის მომხრეები კი აცხადებენ, რომ მისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაზე და პოლიტიკიდან ნებაყოფლობით წასვლაზე იმის დადასტურებაა, რომ მას ხელისუფლებაში ყოფნა არ სწყურია და უკან დაბრუნება არ სურს.

 

ამჟამად ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, თავისი ექსცენტრიული გატაცებები უფრო აინტერესებს, რომლებიც დროდადრო ვლინდებოდა ხოლმე მისი პრემიერობის დროსაც.

 

პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობდა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის შემადგენლობაში იყო (მოგვიანებით, მათ შორის განხეთქილება მოხდა), იხსენებს, რომ სტრასბურგში ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ქალაქის ადგილობრივი ზოოპარკი აინტერესებდა, სადაც მან ყარყატის კვერცხები შეიძინა სახლში წასაღებად.

 

ერთი შეხედვით, ბიძინა ივანიშვილის ხეებისადმი სიყვარული შეიძლება უწყინრად მოგვეჩვენოს, მაგრამ როგორც ამსტერდამის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი ტობი კირსი ამბობს, როცა მრავალწლოვანი ხეების ფესვებიანად მოთხრის ამბავი გაიგო, ფიზიკური ტკივილი იგრძნო: „მრავალი ასეული წლის განმავლობაში ეს უძველესი ხეები თავიანთ უნიკალურ ეკოსისტემაში იყვნენ, იზრდებოდნენ და ცოცხლობდნენ.. და როცა მათ  ფესვებით იღებენ, მცენარის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა ირღვევა და იმ ადგილზე უნაყოფო სიცარიელე რჩება, - ამბობს პროფესორი.

 

ვალენტინა სლობოდენიუკისათვის კი ახლა ზღვა უფრო კარგად მოჩანს, ვიდრე ადრე იყო, როცა ზღვის ხედს გიგანტური სექვოია ფარავდა. სექვოია ბიძინა ივანიშვილმა მოთხარა და თავისი პარკისთვის წაიღო. მისი თქმით, ხეები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, სექვოიას კი უამინდობის დროს თავშესაფრადაც იყენებდა. ვალენტინა ამჟამად თავის ხეს პარკში - ახალ სახლში“ ათვალიერებს. „ძალიან მენატრება ხოლმე“, - ამბობს იგი.

 

წყარო

წაკითხვა 539 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.