"ოპოზიცია და არასამთავრობოები გვთხოვდნენ, მიგვეღო დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი, მიხვდნენ, რომ პირველი საფრთხე კეზერაშვილს შეექმნება, ახლა პირუკუ გვამუნათებენ"- გია ცაგარეიშვილი
ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
„ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ, დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ მიგვეღო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის ანალოგი. ჩვენ მათი ეს თხოვნა, თუ მოთხოვნა აღვასრულეთ და ახლა, როცა ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ პირველი, ვისაც საფრთხე შეექმნება, არის ბატონი კეზერაშვილი და შესაძლოა, კიდევ სხვა ოლიგარქები, ატყდა ალიაქოთი და ახლა პირუკუ გვამუნათებენ; გვეუბნებიან, რატომ იღებთ ამ კანონს, რატომ იღებთ დაჩქარებული წესით, გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ასევე დაელოდეთ პასუხს და იქნებ, ჩამოვიდეს, როცა იქნებაო. დამეთანხმებით, ცოტა უცნაურია. ჩვენ ახლა „ჭრელო პეპელას“ როლში გამოვდივართ და ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოსწონს თუ არა სრულად აღნიშნული კანონპროექტი პირადად მას და ზოგადად მმართველ გუნდს, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის ანალოგი ევროპაში არ არსებობს და ეს არის თავსმოხვეული კანონი.
„ვფიქრობ, ამ ინიციატივას თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელი აქვს და აქვს შორს მიმავალი პოლიტიკური განზრახვები. ისინი სახელობითი ე.წ კანონის მიღებას გვთხოვდნენ, რომ პირდაპირ ჩაგვეწერა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. მე იცით, რა მაინტერესებს, ვინც ამას ითხოვს ევროპაში, ამერიკაში, თუ საქართველოში, სადმე თუ გაუგია ასეთი რამ? ამას არ სჭირდება იურისპრუდენციაში დიდი განსწავლულობა. ამას სტალინი არ იღებდა ვიშინსკისთან ერთად გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა ხალხს ყოველდღიურად ხოცავდნენ, მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში და ამ ქალაქის ქუჩებში. მაშინ ერიდებოდნენ სახელობითი კანონების მიღებას და სად გაგიგიათ, რომ მივიღოთ კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ასეთი რამ სადმე გაგიგიათ? სადმე, უკრაინაში, მოლდოვაში, ან საფრანგეთში, პოლონეთში, შვედეთში, ლიტვაში, აშშ-ში, ან სხვაგან მიღებულა ასეთი რამ?! ეს არის წარმოუდგენელი რამ და სამართალშემოქმედებაში მეტი თავაშვებულობა არ შეიძლება, ადამიანმა უბრალოდ წარმოიდგინოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამგვარ კანონს ვერ მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ ზოგად კანონს, ზოგადი ცნებებით და ის გავრცელდება ყველა იმ ე.წ. ოლიგარქზე, რომელიც ამ ქვეყანაში ოლიგარქიული საშუალებებით ფლობს მედიას, აქვს 80 მილიონ ლარზე მეტი, აქტიურობს პოლიტიკურ ასპარეზზე და ა.შ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, ეს არის კანონი დევნის შესახებ.
„ჩვენ ოლიგარქს ვდევნით, აბა, რანაირად? მას ვუკრძალავთ პოლიტიკურ საქმიანობას და ვდევნით პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, ეს არის დევნა. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გარკვეულწილად, ეს არის დევნა. ანუ, თქვენ თუ ოლიგარქი ხართ, არ გექნებათ იმის უფლება, რომ იაქტიუროთ პოლიტიკაში. ამიტომ, ეს არის დევნა, სუფთა წყლის დევნაა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ არის დევნის გარკვეული სახეობა. ჩვენ გვაქვს შეხება კლასიკურ დევნასთან. ჩვენ ეს არ გვინდოდა, მაგრამ ეს არის რეკომენდაციაში და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო სრულდება, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სწორედ ასეა.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო. იმიტომ, რომ საპირწონედ არის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ შორის, შევასრულებთ ამ 12 პუნქტს და ასევე შევასრულებთ ყველა სხვა მოთხოვნას, რომელიც მომავალში ღმერთმა არ ქნას, იქნება წარმოდგენილი ევროკომისიისგან თუ ევროსაბჭოსგან“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
სიახლეები
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი