"წინა კვლევებთან შედარებით, უკეთესობა გვაქვს"- ზურაბ ჯაფარიძე
წინა კვლევებთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, უკეთესობა გვაქვს, – ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე IRI-ის კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, ზოგადად, კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დეპრესიული განწყობაა.
„ზოგადად, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური სპექტრი ჯერ ვერ ასახავს იმ განწყობას, რომელიც არსებობს მოსახლეობაში. ამისთვის არის საჭირო კონსოლიდაცია. ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რათა ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებაში ითარგმნოს. ეს არის მისაღწევი და ამის გაკეთებას ვცდილობთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ხალხის ძალის“ საშუალებით „ანტიდასავლური კამპანია აქვს გაჩაღებული“. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის განწყობა მაინც არ იცვლება და მოქალაქეები კვლავ დასავლეთის, ევროკავშირის, ნატო-სკენ მიმავალ გზას ირჩევენ.
„მიუხედავად ანტიდასავლური კამპანიისა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი თვეა, საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებენ, დასავლეთი არის ჩათლახი და ცდილობს, საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაინც არ იცვლება ქვეყნის მოსახლეობის განწყობა, წავიდეს დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შედეგი იმისა, რა ტიპის დეზინფორმაციის კამპანიასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში. მტრის ხატი ჰყავს დახატული ხან „ნაციონალური მოძრაობის“, ხან სააკაშვილის მხრიდან, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ, პოლარიზაციაში ხარჯავენ ფულს და რესურს, ბანერებს კიდებენ ჩემი სახლის წინ, სადაც მე ვარ დახატული და სისხლები ჩამომდის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ვითარებიდან გამოსავალი ოპოზიციის ფლანგზე გაერთიანებაა.
„ჩვენ ვეჭიდავებით ძალიან რთულ სისტემას, ძალიან რთულ საბჭოთა მონსტრს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს – აწყობილი საკომუნიკაციო არხები, შანტაჟისა და ზეწოლის ბერკეტები წინასაარჩევნოდ ან ზოგადად. ამასთან გამკლავება ერთობლივი ძალების, მათ შორის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთულია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.
კითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, პარტიას „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – ორი პროცენტი, „დროა – ელენე ხოშტარია“ – ორი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ – ერთი პროცენტი, „მოქალაქეები“ – ერთი პროცენტი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო