ერთიანი სია, ახალი პარტიის შექმნა, თუ რამე სხვა - ოპოზიცია გაერთიანების ფორმებზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდება
“დროას”, “სტრატეგია აღმაშენებელისა” და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ერთიანი სიის იდეის საპირწონედ “ლელომ” ახალი იდეა წამოაყენა პარტიების გამსხვილების შესახებ. ოპოზიციის ნაწილი ამ იდეის განხორციელებაში რისკს ხედავს.
ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ, ზოგადად, პარტიების გაერთიანება “შარიანი საქმეა”, რადგან როცა ერთიანდებიან, შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეველს გაერთიანებაში მყოფი რომელიმე სუბიექტი არ მოსწოდეს და საერთოდაც ხმის მიცემაზე უარი თქვას. “ლელოს” დეპუტატ დავით უსუფაშვილის აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საჭიროა პარტიების გამსხვილება - რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლა და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის ჩამოყალიბება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ უსუფაშვილის ეს მოსაზრება ენმ-საც ეხება, ეს კარგი იდეა არაა: ამ გზით შექმნილ ახალ პარტიას გაცილებით ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას და ეს “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელიც ცდილობს ყველა უხერხულ პარტნიორს “ნაციონალების” იარლიყი მიაწებოს, რითაც მეტოქეს იშორებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურითერთიანი სია, ახალი პარტიის შექმნა, თუ რამე სხვა - ოპოზიცია გაერთიანების ფორმებზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ვერ თანხმდება.
“ტაქტიკური თვალსაზრისით ერთობა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ. “ლელოსთან” ბევრი გვაქვს ნამსჯელი და უბრალოდ, საბოლოო პასუხი ვერ გავიგე მათ პოზიციებთან დაკავშირებით. ღია და გახსნილი ვართ ყველა მოდელზე მსჯელობისთვის, მთავარი ერთობაა”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ფორმით წარმოუდგენია ოპოზიციის ერთობა და რას ფიქრობს უსუფაშვილის მოსაზრებაზე. “კობახიძე პირდაპირ გვესხმის თავს, რადგან მას ჩვენი ერთიანობის ეშინია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ადამიანების მეორე კატეგორია ფიქრობს, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ ერთიანობაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ საზოგადოების ძალისხმევით ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მესამე კატეგორია - გამოიკვეთა დაბოღმილების ჯგუფი. რატომ იბოღმებიან? დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. თუ ვინმე ერთიანობის გარდა უკეთეს გზას გვაჩვენებს, მზად ვართ მოვუსმინოთ და იმ გზაზე წავიდეთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ოპოზიცია დაიშალოს და “ვეღარ აეწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს. პარტიების გაერთიანება შარიანი საქმეა. “საერთოდ, პარტიების გაერთიანება შარიანი რამაა. როცა პარტიები ცალკ-ცალკე არიან, თავის ამომრჩეველი ჰყავთ. როცა ერთიანდებიან, შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეელს მეორე პარტია არ მოსწონდეს და ხმის მიცემაზე საერთოდ უარი თქვას. გაერთაინების შემთხვევაში შეიძლება ნაკლები ხმა მიიღონ, ვიდრე ახლა თითოეულმა ცალკ-ცალკე. ერთი და იგივე ტიპის პარტიებს ალბათ ერთი და იგივე ტპის ამომრჩეველი ეყოლებათ და ასეთი გაერთიანება (“დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”) გამორიცხული არაა, მაგრამ “ლელო” “ნაციონალებიდან” მეტ-ნაკლებად შორს მყოფია და ენმ-დან წამოსულ პარტიებთან მისი გაერთიანება სარისკოა, რადგან ძალიან განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ”, - თქვა საყვარელიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის კი ამბობს, რომ თუ საუბარია წვრილი პარტიების გაერთიანებაზე, ეს ცუდი იდეა არ არის, რადგანაც ასეთი გამსხვილება ამ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას გაუადვილებს. თუმცა, თუ ამაში ენმ-ც მოიაზრება, ასეთ გამსხვილებას აზრი არ აქვს”, - დასძენს გამოცემა.
“უსუფაშვილს ვუსმინე, მაგრამ ბოლომდე ზუსტად ვერ დავადგინე - როდესაც ნათქვამი იყო, რომ დავიშალოთ და ერთ სუბიექტად ჩამოვყალიბდეთო, აქ მოიაზრებოდა თუ არა იგივე “ნაცმოძრაობა”. თუ ენმ მოიაზრება, აზრი არ აქვს, მაგრამ თუ “ლელო” იმას გულისხმობს, რომ ეს იდეა წვრილ პარტიებს შორის უნდა განხოციელდეს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ დაუდგეთ. ვთვლი, რომ დიდ გაერთიანებას აზრი არ აქვს, ის ოპოზიციას არაფერს არ მოუტანს. იპოზიციას ისეთი გაერთიანება მოუტანს სარგებელს, თუ ორი ძირითადი პარტიის (ენმ და „ოცნება") გვერდით თუნდაც ორი ან სამი სუბიექტი გაჩნდება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა შეეძლება. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რეალურად კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ოპოზიციას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს”, - გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ასეთ თემებზე საუბრისას ამოსავალი წერტილი ელექტორატის განწყობები უნდა იყოს და არა ის, თუ ვის რა უნდა და რა აწყობს. ელექტორატი სამ ძირითად ნაწილად იყოფა - “ქართული ოცნების” და ენმ-ს მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, სწორედ ამ ჯგუფზეა სამუშაო. ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვისაც შედეგს ის მოიტანს, მესამე ძალა თუ შეიქმნება, ერთი, ან რამდენიმე, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნებათ. “ლელო” თუ ამას მოიაზრებს, მაშინ ეს სწორი გზაა და აბსოლუტურად ვიზიარებ, მაგრამ თუ სხვაგვარად ფიქრობენ, რომ ერთი დიდი გაერთიანება უნდა შედგეს, მაშინ ეს შედეგს არ მოიტანს. შემდეგ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებიდან ვიღაცეებმა ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიწიონ, რადგან მათ მიმართ ელექტორატი ცოტა მწყრადალაა განწყობილი; ვიღაც კულისებში უნდა დარჩეს; მედია უნდა გადაჯგუფდეს (ოპოზიციურ ტელევიზიებს ვგულისხმობ), თემატიკა უნდა შეიცვალოს, ახალი თემები უნდა შემოვიდეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“საქართველოში თითქმის ყველას გაუგონია, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და “ოცნება” რუსეთისკენ მიდის და ა.შ. ამის მუდმივად გამეორებას აზრი არ აქვს. დრამატურგიული წესი არსებობს, რომ როცა ერთსა და იმავეს ხშირად იმეორებ, ის სასაცილო ხდება. ოპოზიცია ამ ფარგლებში უკვე შევიდა. კრიტიკის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ლაპარაკი, რომ ოლიგარქს სანქციებს დაუწესებენ და ა.შ... ეს შიდა ელექტორატზე არ მუშაობს. თუ ამომრჩეველთან რეანიმირებულ თუ გამსხვილებულ ძალას სალაპარაკოდ ისევ ეს თემები დარჩება, 5%-იან ბარიერს რა თქმა უნდა ვერ გადალახავს. იმაზე უნდა ილაპარაკოს, მოსახლეობას რა პრობლემებიც აქვს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“როცა საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილმა და „ოცნებამ" ხალხს იმედები გაუცრუვა, ამომრჩეველს რისი იმედები და მოლოდინებიც მაშინ ჰქონდა, ეს უნდა ამოსწიონ, დაამუშავონ და ამისი პროპაგანდა დაიწყონ. ასეთ ვითარებაში, ჩემი აზრით, შანსები ჩნდება. პრაიმერისი კი არა, გამოკითხვა უნდა ჩატარდეს არა იმაზე პრემიერი ვინ იქნება, არამედ იმაზე, თუ დღევანდელი მოცემულობით ვის რა რეიტინგი აქვს. გასული საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების კვლევები უნდა ჩატარდეს. ცესკოს მონაცემებს უნდა გადახედონ და დაახლოებით უნდა იფიქრონ გაყალბება რამდენპროცენტიანი იქნებოდა და აქედან გამომდინარე უნდა დაინახონ ელექტორატი როგორ მოძრაობს და საიდან სად მიდის და სამუშაო გრაფიკი და გადაჯგუფება ამის მიხედვით ააგონ. ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს”, - დასძენს ძაბირაძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი