დიდი ოცეულიდან - ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფომდე!

ალექსი პეტრიაშვილის ბლოგი

 

ჯერ იყო და თავის დროზე, 1998 წელს გადაკეთებული დიდი 8-იანი 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ისევ დიდი 7-ეული გახდა! არაფერი საინტერესო მაგ კლუბში არ ხდებაო, იძახდნენ მაშინ და მას შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთის მოლაპარაკე თავები. შეეგუვნენ თვითონაც და შეეგუა მსოფლიოც, რომ არ არის რუსეთის ადგილი განვითარებული დემოკრატიების გვერდით, მიუხედავად იმისა, რამდენი გაზი და ნავთობი აქვს ქვეყანას. ჩემი აზრით, არც 2014-მდე იყო, მაგრამ ახლა და მხოლოდ ახლა გვესმის ყოფილი მაღალი თანამდებობების პირებისგან მათი შეფების მიერ გატარებული პოლიტიკის კრიტიკა, ზოგადად რუსეთის მიმართ წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ პოზიციაში არსებული დრამატული შეცდომების აღიარება და გულწრფელი მონანიებები.

 

არადა, მანამდე იყო 2008 წელი – ომი საქართველოში! ზუსტად ორ თვეში მსოფლიო დაუბრუნდა რუსეთთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს, ანუ, როგორც იტყვიან, „business, as usual“-ს. ამაო იყო ჩვენი და უკრაინელების გაფრთხილებები, რომ შემდეგი აუცილებლად იქნებოდა უკრაინა. ასეც მოხდა! 2013 წელს უკრაინელი ხალხი გამოვიდა საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად. თითქოს არც ნატო-ში გაწევრიანებაზე იყო საუბარი (იმჟამინდელ პრორუს პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკვე ამოღებული ჰქონდა პრიორიტეტებიდან ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა) და არც ევროპული პერსპექტივა მოჩანდა სადმე ჰორიზონტზე. საუბარი იყო ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა/გაფორმებაზე.

 

მაშინ არც უკრაინელი ხალხი დანებდა და არც რუსეთი მოეშვა უკრაინას. 2014 წელს ჯერ იყო ყირიმის ანექსია და შემდგომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები. გულწრფელად ვთქვათ: დიდი დრო და კიდევ უფრო დიდი ომი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავისი სახელი დაერქვა რუსეთისთვის, თუმცა მიუხედავად მთელი რიგი რეზოლუციებისა და ბოლოს და ბოლოს მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის დამდგარი განაჩენისა, მაინც მძიმედ მიდის ეს პროცესი! მაგალითად, საბრალდებო განაჩენი სეპარატისტ გირკინს და მის თანამზრახველებს 8 წლის შემდეგ გამოუტანა ჰააგის სასამართლომ, მაგრამ უშუალო შემსრულებლებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯაზე შორს არც ეს სასამართლო წასულა. ამ დროს, დადგენილია, რომ სარაკეტო სისტემა რუსეთიდან შემოვიდა, იმართებოდა რუსი სამხედროების მიერ და მისიის შესრულების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

 

დიდი 8-იანის ხელახლა გა-7-ების შემდეგ კიდევ არსებობდა ფორუმები, სადაც რუსეთი წარმოდგენილი იყო თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მაგრამ სულ მიდიოდა სპეკულაცია: დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი, მაგალითად, დიდი 20-ეულის სამიტს? ასე იყო წელსაც. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი 20-ეულის ცალკეული ქვეყნები რუსეთის გარიცხვასაც კი ითხოვდნენ, მაგრამ ამ მხრივ საქმე მარტივად რომ არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო.

 

დიდი 20-ეულის შემადგენლობაში შედიან ქვეყნები, რომელთაც ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ კი უკვე რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობის არცთუ შორეული წარსული აქვთ, ისევე როგორც კაპიტალისტურ ქვეყნებთან მძიმე ეპიზოდებით დატვირთული ისტორია. ყველას რომ თავი დავანებოთ, ჩინეთი არ დაუშვებდა მთელი რიგი მიზეზების გამო რუსეთის გაძევებას, ისევე როგორც კიდევ ერთი მძიმეწონიანი ინდოეთი არ დაუჭერდა ამ გადაწყვეტილებას მხარს. თავად მასპინძელი ინდონეზია არათუ გაძევებას არ დაუშვებდა, არამედ ბოლო მომენტამდე ძალისხმევას არ იშურებდა, რომ პუტინი თავად ჩასულიყო სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

 

ცხადია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე იყო მიწვეული სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ეს უფრო იყო ცალკეული ქვეყნების მორიგი მცდელობა, მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან აღმოჩენილიყვნენ უკრაინის პრეზიდენტი და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი! ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტს კიდევაც რომ განეცხადებინა მზაობა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის თაობაზე, დემოკრატიული სამყაროს ლიდერებისთვის იყო კიდევ ერთი ძალიან მძიმე და დელიკატური მომენტი: ძალიან რთულია, ხელი ჩამოართვა ადამიანს, რომელსაც ათიათასობით მშვიდობიანი უკრაინელის – მოხუცის, ქალისა და ბავშვის სისხლში აქვს ხელები გასვრილი (სწორედ ამ მიზეზით და ლავროვის სამიტზე ჩასვლის გამო ე.წ. ოჯახური ფოტოს საპროტოკოლო ნაწილი საერთოდ გაუქმდა)! საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერის ყველა საშუამავლო მცდელობაზე რუსეთის მხრიდან პასუხი არის საცხოვრებელი სახლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეშვება შუამავლობის მცდელობებს. როგორც წესი, გამოირჩევიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და რომის პაპი ფრანცისკე.

 

როგორც ყოველთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო ხისტები არიან კანონმდებლები. ცხადია, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა. ამერიკელმა კანონმდებლებმა, ვიდრე შუალედური არჩევნები გაიმართებოდა, მიიღეს კიდეც შესაბამისი რეზოლუცია, რომლითაც მიმართავენ სახელმწიფო მდივანს, დაიწყოს სათანადო პროცედურები რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია და ის უარყოფითია. ამ დრომდე აშშ-მ მხოლოდ ოთხ ქვეყანას მიანიჭა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსი. ესენია: ირანი, სირია, ჩრდილოეთი კორეა და კუბა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ხელ-ფეხს უკრავს ყველა ტიპის ურთიერთობებზე თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის სხვა სახელმწიფოებს.

 

რუსეთთან მიმართებით ასეთი სტატუსის მინიჭება იქნება ერთ-ერთი უმძიმესი ზომა და მას აშშ უკიდურეს შემთხვევაში (მაგალითად, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ბინძური ბომბის უკრაინაში გამოყენების შემთხვევაში) აამოქმედებდა. მანამდე კი არსებობს მსხვილი თემები, რომლებშიც ურთიერთობა პირდაპირ საფრთხის ქვეშ დადგებოდა ტერორისტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში. რუსეთი ისედაც „ლიდერია“ და გვარიანად უსწრებს ირანს მისთვის დაწესებული სანქციების რაოდენობით. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება 5 დეკემბერს შევა ძალაში და რუსეთის შავი ოქროსთვის ამ დრომდე შექმნილ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს – შავი ოქროს შავი დღეები ნამდვილად წინ აქვს რუსეთს!

 

ასე რომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, რუსეთისთვის ტერორისტი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ კარგა ხანს დარჩება უკიდურეს ზომად როგორც აშშ-სთვის, ისე სხვა სახელმწიფოებისთვის.

 

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც გითხარით, კანონმდებლებს აქვთ უფრო მეტი თავისუფლება, ღიად დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. ამ დრომდე თუ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების – ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ჩეხეთის – პარლამენტები ინდივიდუალურად იღებდნენ ამგვარ გადაწყვეტილებებს, ბოლო დღეებში ჯერ გაჩნდა ცნობა, რომ ევროპარლამენტში შეთანხმდა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებენ. გუშინ კი მადრიდში დასრულდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომა. რეზოლუცია ნატოელი კანონმდებლების მიერ რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთხმად იქნა მიღებული. მართალია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მაინც უფრო ადვილია მსგავსი ტიპის რეზოლუციების მიღება, ვიდრე იმავე ევროპარლამენტში, მაგრამ ფაქტი ფაქტია: ნატოელმა კანონმდებლებმა ეს ნაბიჯი გადადგეს. ასეთი ტიპის რეზოლუციების არსებობის პირობებში, სულ უფრო რთული იქნება ცალკეული ლიდერებისთვის პუტინთან მოლაპარაკების ახალი მცდელობები, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ძალისხმევა მაინც იქნება.

 

მთავარია, რომ უკრაინა მყარად დგას და მომავალშიც იდგება. ამ სიმყარეს კი მნიშვნელოვანწილად აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებების უკრაინისადმი ფინანსური, პოლიტიკური და, რაც მთავარია, სამხედრო მხარდაჭერისადმი ურყევი ერთგულება განსაზღვრავს.

 

წყარო

წაკითხვა 260 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.