"ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებულია დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო"
ვინმე თუკი ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ნებისმიერ ამგვარ მცდელობას საზოგადოებამ მკაფიო შეფასება უნდა მისცეს.
„ყველასათვის ცნობილია, რომ 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტი საქართველოს ამერიკული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „სავიზიტო ბარათი“ იყო.
პოლიტიკაში ორ ინსტრუმენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – ფულს და პროპაგანდას. შესაბამისად, ნებისმიერი, ვინც ძალაუფლების უხეში მეთოდებით მითვისებას ან შენარჩუნებას ესწრაფვის, პირველ რიგში, სწორედ ადამიანების აზროვნებაზე და ბიზნესზე ძალადობს. სწორედ ამით იყო გამორჩეული საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი აგენტოკრატია („ხალხის ძალას“ დავესესხები) და ზუსტად იმავე მეთოდებით ცდილობენ იგივე ადამიანები ძალაუფლების დაბრუნებას ახლა უკვე ოპოზიციის რიგებიდან.
ამ შემთხვევაში, ძალადობის ორიდან ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე – ბიზნესზე ძალადობაზე შევაჩერებ საზოგადოების ყურადღებას. ბოლო დროს, განსაკუთრებით გახშირდა რადიკალური ოპოზიციის თავდასხმები მისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე. ბუნებრივია, თავდასხმის მთავარი ობიექტი, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ორმილიარდიანი ანგარიშის გაყინვით აშანტაჟებენ. ორიოდე თვის წინ, რადიკალურმა ოპოზიციამ ელენე ხოშტარიას პირით რამდენიმე ბიზნესმენის, მათ შორის ირაკლი რუხაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და დავით ხიდაშელის სანქცირება მოითხოვა. პირდაპირი ამერიკული დაფინანსებით მოქმედმა მედიასაშუალებამ – „რადიო თავისუფლებამ“ ცოტა ხნის წინ საგანგებო სიუჟეტიც კი მიუძღვნა იმის მტკიცებას, თუ როგორ ანადგურებს „თანაინვესტირების ფონდისა“ და ირაკლი რუხაძის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი სამრეწველო კომპანია ქართულ ეკოლოგიას. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები დავით ხიდაშელზე, რომელსაც რუს ბიზნესმენად მოიხსენიებენ და პრაქტიკულად, საქართველოდან ინვესტიციების გატანას აიძულებენ“, – აცხადებს შათირიშვილი.
მისივე თქმით, ამერიკელებს და მათ აგენტებს ბიზნესის სისუფთავე რომ არ ადარდებთ, ალბათ, ყველასათვის ცხადია.
„ასე მაგალითად, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე თავდასხმის ფონზე, ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებულია დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, რომელმაც დიდი ფული ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა და რომელმაც ბოლო წლებში ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვითაც „გამოიჩინა თავი“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკელები კეზერაშვილს არა მხოლოდ სიტყვით იცავენ, არამედ მას ხელშეუხებლობის გარანტიებსაც აძლევენ. ფაქტია, რომ კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნეს, ევროპაში ის თავისუფლად სწორედ ამერიკელების მფარველობით გადაადგილდება და საეჭვოა, გერმანელებმა მისი დაპატიმრება, თუნდაც, პენსიონერების უპრეცედენტო ძარცვის ფაქტზე შეძლონ“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელი ბიზნესმენების წინააღმდეგ თავდასხმების უკან მდგომი წმინდა პოლიტიკური ინტერესი ცხადია, თუმცა, მისივე თქმით, ბიზნესზე ძალადობას მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც აქვს.
„ეს მიზანი ინვესტიციების შეფერხება და ქართული ეკონომიკის დასუსტებაა. ბუნებრივია, ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში მანიპულირების საგნად საზოგადოების ქცევა და აგენტოკრატიის დამკვიდრება ბევრად უფრო იოლია. გარდა ამისა, მშიერი ქვეყანა და საზოგადოება ომშიც უფრო ადვილი ჩასართავია. აქედან გამომდინარე, ცხადია, ბიზნესზე ძალადობას, სუფთა პოლიტიკურთან ერთად, პრაგმატული ეკონომიკურ-პოლიტიკური გათვლებიც უდევს საფუძვლად.
თუ 2004-12 წლებში ბიზნესზე ხელისუფლებაში მოკალათებული ამერიკული აგენტოკრატია ძალადობდა, ახლა იმავეს ფორმალურად დივერსიფიცირებული რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ამასთან, ფორმალური დივერსიფიკაციის მიუხედავად, არ იმალება, რომ ყველა ამ სუბიექტის – პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და „ევროპელი ლობისტების“ უკან ამერიკელები დგანან. ანუ, საბოლოო ჯამში, ბიზნესზე ძალადობის დამკვეთი დღესაც იგივეა, ვისი დაკვეთითაც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა დამკვიდრდა.
ამასთან, ბიზნესზე ძალადობის კოორდინაციის ქართული ვერსია ძალიან მოგვაგონებს შვეიცარიულ პრაქტიკას, სადაც ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილის თანხების გასაყინად შვეიცარიის სახელმწიფო სტრუქტურები, საფინანსო ინსტიტუტები და მედიასაშუალებები სრული კოორდინაციით აამოქმედეს. ამგვარი კოორდინაციის თვალსაზრისით, ევროპაში რა ვითარებაა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას მომავლისთვის მოვიტოვებთ.
ბიზნესის თავისუფლების დაცვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება, რათა ბიზნესმენებზე ძალადობის კოორდინირებულმა მცდელობამ ქვეყნისთვის სავალალო შედეგი არ გამოიღოს. თუკი ვინმე ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს და ნებისმიერ ამგვარ მცდელობას საზოგადოებამ მკაფიო შეფასება უნდა მისცეს“, – აცხადებს შათირიშვილი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო