"საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ" - „ხალხის ძალა“
მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია.
„სინამდვილეში, პოლიტიკაში ფაქტებით ყველაფერი თითქმის მათემატიკური სიზუსტით იზომება, ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულმა დემოკრატიამ გასული 10 წლის და მათ შორის – გასული 2 წლის მანძილზე, მხოლოდ წინსვლა განიცადა:
– 2008-12 წლების პარლამენტში ფორმალურად 12, რეალურად კი – მხოლოდ ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციას 59 დეპუტატი – 6 სხვადასხვა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს;
– სენატორი რიში 2012 წლის ყოვლად გაუგონარი არჩევნებით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს, თუმცა, ყველამ იცის, რომ 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება არათუ არჩევნებს არ აყალბებს, აგენტურა მას იქით უყალბებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს;
– 2012 წლამდე ქვეყანას ჰქონდა დანაშაულებრივი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული, სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გარანტის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი მოქმედებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს და ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს;
– 2012 წლამდე, ეროვნული მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქმედებდა, დღეს კი უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმის უმაღლესი ხარისხი, რომლის პირობებში ნაცმოძრაობა 3 ტელეარხს ფლობს, ხოლო ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების დაფუძნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი;
– 2012 წელს აღიკვეთა პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების სისტემური პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე იყო დამკვიდრებული და რითაც წინა ხელისუფლებამ გვანტანამოს ციხის ყველა რეკორდი მოხსნა. 2012 წლიდან, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24,100-დან 9,200-მდე, ხოლო პატიმრების სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა;
– 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელიც აგენტოკრატიის ფინანსური უზრუნველყოფისა და მისი პოზიციების გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი იყო;
– 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემი, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წელს მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა თვისებრივად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი მაჩვენებელი ჰუმანურმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მრავალჯერადად გაუმჯობესდა წინასწარი პატიმრობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, ჯარიმისა და გირაოს შეფარდების, მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში ვითარება არა მხოლოდ ფუნდამენტურად გაუმჯობესდა, არამედ ყველა სისტემური პრობლემა პრინციპულად აღმოიფხვრა. ამ ყველაფერს დამატებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ათჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. გასულ წლებში ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლო 28 წევრით აგენტურისა და მისი პატრონების საყოველთაო კრიტიკის ფონზე დააკომპლექტა, თუმცა, დღემდე ვერავინ იხსენებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის მიერ განხილულ ვერცერთ საქმეს, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს;
– აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო რეიტინგებზე და ინდექსებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით საქართველოს 10-წლიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ წინსვლას ადასტურებს.
როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას.
ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც:
– აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას;
– აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში;
– აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს;
– აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს;
– აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას;
– აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა;
– აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან;
– აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს;
– აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას.
ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის – რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია.
ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა.
ფაქტია, რომ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო