"ქართველ მებრძოლებს მთავრობა განიხილავს მომავლის ოპონენტურ პოლიტიკურ ძალად" - სანდრო თვალჭრელიძე

“სტოლტენბერგის გარდა, მსგავსი რამ ჯერ არც ერთი დიდი ქვეყნის ლიდერს არ უთქვამს, არც ბაიდენს, არც შოლცსა და არც მაკრონს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე შეშფოთებულია ხოლმე - სამხედრო ექსპერტი არა ვარ და შეიძლება მიამიტურად ვაფასებ ვითარებას, მაგრამ ნატო-რუსეთის ომი ვერ წარმომიდგენია უპირველესად რუსეთის გამო, მიმაჩნია, რომ ამის ყველაზე მეტად პუტინის რეჟიმს ეშინია. ოფიციალური მოსკოვის ბირთვული რიტორიკა ამჯერად შეჩერებულია, აშკარაა, რომ რაღაცებს უწევენ ანგარიშს. ნატო-რუსეთის ომი ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს. მეეჭვება, ამაზე წავიდნენ თეთრი სახლი და კრემლი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დაიწყება თუ არა ომი ნატოსა და რუსეთს შორის?!

 

“ღარიბაშვილისგან ახალი არაფერი მოგვისმენია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებენ ასეთ ფრთხილ განცხადებებს, არ ვიცი, რა ჰგონიათ, თუ მშვიდობის ნაცვლად გამარჯვებას უსურვებენ უკრაინას, რუსეთი ომს გამოგვიცხადებს? მშვიდობა უკრაინაში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ შეიძლება დამყარდეს, ასე რომ, გამარჯვებას ახსენებენ თუ არა, ეს მათ ნათქვამში მაინც იგულისხმება. ყველაზე არასწორი განცხადებები ჩვენმა პრემიერმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების შესახებ გააკეთა. ეს იყო ყოვლად მიუღებელი პოზიცია, რასაც მოჰყვა კიდეც ჩვენი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია. ღარიბაშვილს ამოჩემებული აქვს, საქართველო არ ჩაერევა კონფლიქტშიო, და რაც უნდა, იმას ლაპარაკობს, აქაოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ამგვარი ეროვნული ეგოიზმი აძლევს საშუალებას გადაიტანოს მთელი პოლიტიკური პროცესი კონკრეტულ დისკურსში და აქციოს ფსევდო სამყაროდ. ამისთვის “ქართულ ოცნებას” ორი თემა აქვს: ერთი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე - უკრაინასთან დამოკიდებულება, სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემები ამ თემების გააქტიურებით იჩქმალება, რითაც ხელისუფლება კარგად ხეირობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილი და ეს ხელისუფლება არ ფიქრობენ უკრაინაზე, ისინი ფიქრობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ომის პირველ დღეებში თითქოს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს და ესეც ჩვენი საზოგადოების დიდი აქტიურობის გამოძახილი იყო. ახლაც, ჩემი აზრით, საზოგადოების განწყობამ იმოქმედა. ისე კი, იმ უდიდესი დახმარების ფონზე, რასაც მთელი მსოფლიო უწევს უკრაინას, ჩვენი ხელისუფლება გაგზავნის თუ არა გენერატორებს, დიდი მნიშვნელობა არც ექნებოდა, რომ არა პოლიტიკური კონტექსტი და ჩვენი სტრატეგიული მეგობრობა ამ ქვეყანასთან... სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ყველა იმ ხელისუფლებას, რომლებიც ძალაუფლებას ორჯერ მეტი ვადით ინარჩუნებენ. სწორედ ამის მერე ჩნდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უზარმაზარი ბზარი. მთავრობა უკვე ვეღარ გრძნობს და ხედავს, რით ცხოვრობს ხალხი. ისინი იჯერებენ, რომ ძალიან მაგრები არიან და მთელმა ქვეყანამ მათი შეთავაზებული დღის წესრიგით უნდა იცხოვროს. ეს მოუვიდა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებს და "ქართულ ოცნებასაც" იგივე სჭირს. არ იციან და არც აინტერესებთ, თუ რით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“სამწუხაროდ, ამაში გარკვეულწილად წვლილი მიუძღვის მასმედიასაც, რომელმაც ერთგვარი ფსევდო სამყარო შექმნა და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს მხოლოდ პოლიტიკაა ჩვენი ინტერესის საგანი, არადა, საზოგადოებას აქვს სულ სხვა ინტერესები. კიდევ კარგი, გაჩნდა სოციალური მედია, სადაც ხალხი თავის ფიქრებს უზიარებს ერთმანეთს. ეს რომ არ ყოფილიყო, იგივე იქნებოდა, რაც შევარდნაძის დროს იყო - ერთ მხარეს საზოგადოება, მეორე მხარეს კი მთავრობა. დღეს ზოგჯერ სწორედ სოციალური მედიის წყალობით მისწვდება ხოლმე ხელისუფლის ყურს პოლიტიკის გარდა სხვა მნიშვნელოვანი თემებიც. როგორც წესი, ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლებებისთვის კრახით მთავრდება ხოლმე”, - თვლის ექსპერტი.

 

“ქართული ლეგიონი” ამ ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი პირებისგან შეიქმნა. სამწუხაროდ, მათთვის ვერ მოინახა ადგილი ქართულ ჯარში და იძულებულები გახდნენ საკუთარი შესაძლებლობების, მრწამსისა და მისწრაფებების რეალიზაცია უკრაინაში ეძებნათ. ეს ვაჟკაცი მეომრები დღეს უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძვიან. შესაბამისად, მათი იმიჯი და რეიტინგი ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იზრდება. დიდი ალბათობით, ჩვენი მთავრობა სწორედ ამიტომ განიხილავს მათ მომავლის ოპონენტ პოლიტიკურ ძალად, რომლისაც ეშინიათ. ჰოდა, ადგნენ და აგინებენ, ვისიც ეშინიათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არასწორად იქცევიან - ჯობს სულ არაფერი თქვან, ვიდრე ამგვარი, მათთვისვე დამაზიანებელი განცხადებები გააკეთონ. არა მგონია, ვინმემ გაბედოს და რომელიმე მათგანს მოქალაქეობა ჩამოართვას. მე არ მქონია საშუალება ჩვენი დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის საჯაროდ მეთქვა სამძიმარი. ძალიან განვიცდი, ნებისმიერი ქართველის დაღუპვა ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, მით უფრო მათი, ვინც თავი შესწირეს ბოროტებასთან ბრძოლას. უკრაინა და ეს ბიჭები ებრძვიან დრაკონს და ეს ბრძოლა ძალიან მძიმეა”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაქვს განცდა, რომ ლამის მთელი წელია მართლაც მიდის ვაჭრობა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ძალიან კონფიდენციალურია და სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. პირადად მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ქვეყნის ამგვარი დონის პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინოთ და უცხოეთში წაეყვანოთ სამკურნალოდ. მხოლოდ პინოჩეტი მახსენდება, ისიც უიმედო ავადმყოფი იყო და ციხიდან გამოშვებიდან 20 დღეში გარდაიცვალა. სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა, მისი გათავისუფლება არავის მოუთხოვია”- განმარტავს რესპონდენტი.

 

“ჩვენს ეკონომიკური ზრდაზე ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს, ბლეფია და გეტყვით, რატომაც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 10%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ასახულია ლარებში. შესაბამისად, დავფიქრდეთ, რამხელაა დღეს ლარის ინფლაცია, ისიც ორნიშნა - ანუ თუ ამას გადავიტანთ 2019 წლის ფასებში, გამოდის, ეკონომიკური ზრდა დღეს სულ 2-3%-იანია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორია გაცვლითი კურსი, ლარის მსყიდველუნარიანობაა დაქვეითებული. ამასთან, უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკური ზრდა რითაა გამოწვეული? - რით და ფულის შემოდინებით და არა ქვეყნის შინაგანი რესურსების ამოქმედებით, თან ეს ფული შემოდის, ძირითადად, რუსეთიდან, რომლის დიდ წილს შეადგენს რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ფული, რომლებიც გამალებით ცდილობენ ბიზნესების საქართველოში გადმოტანას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რაც შეეხება ემიგრაციას, საინტერესოა, როგორია შრომის ბაზარი და ვინ მიდის ქვეყნიდან? დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრების უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, სადაც ანაზღაურება მაღალია, მაგრამ შესაფერის კადრებს ვერ პოულობენ. ამ სფეროსგან განსხვავებით, დაბალია ანაზღაურება, მაგალითად, მომსახურე ბიზნესის სფეროში და ამის გამო ადამიანები ამბობენ უარს იქ დასაქმებაზე და ამჯობინებენ ქვეყნიდან წასვლას. მაგრამ ხელახლა ცხოვრების დაწყება არსად არ არის იოლი. ჩვენში ჰგონიათ, სადაც არა ვართ, იქ სამოთხეა, მაგრამ ცდებიან. უცხოეთში უმრავლესობა სეზონურ მუშებად ან მოხუცების მოსავლელად მუშაობს. მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება დიდი ხანია დაიწყო. შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კი არასწორი. ვითომ გააჩინეს სამუშაო ადგილები, არადა, ხალხს 300 ლარს უხდიან, რაც ზღვაში წვეთია. აუცილებელია მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ. ისევე როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

წაკითხვა 299 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.