"ასეთი სიმულიანტობა არ შემხვედრია"
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობს. ჟურნალისტებთან კომენტარში თეა წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელის "არიდებითაა დაკავებული".
"ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულიანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი, მაგრამ მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში...
ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი. ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, ვინაიდან დაზარალებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სისხლის სამართალში. დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად", - ამბობს თეა წულუკიანი.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები კლინიკა "ვივამედიდან" სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.
კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.
კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე რატი ბრეგაძემ ერთი დღით ადრე ილაპარაკა. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.
გუშინ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი