"რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური"
ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი და ამავდროულად, იმედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში გაიარა.
„უკრაინამ ყველაფერს გაუძლო ათი თვის განმავლობაში. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს, იყო გამძლე. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა. ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ ის, რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა, წინა აგრესიები, 1992 წელი, 2008 წელი, 2014 წელი. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, წლევანდელი წელი ევროპის წელიც არის, სადაც არის გამოწვევები და იმედი.
„გამოწვევა იმიტომ, რომ რაც იყო ევროპის შექმნისთვის ბაზისი, რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. გარკვეულწილად, ეს არის გამოწვევებით სავსე და რაღაცნაირად ამარცხებს ევროპის მიზანს, თუმცა, აქ ყველაფერი არ მთავრდება. ამ გამოწვევის შედეგად, ევროპა ბევრად გაიხსნა გაფართოების პერსპექტივის მიმართ და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი. ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და აჩვენებს, რას ნიშნავს, იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი პროცესი, რომ გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რამდენად რთულია და მძიმეა მოსახლეობისთვის, მაგრამ ამის შედეგად, ევროპა ახლა ხდება ძალა, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული ყველას მიერ, უნდა იყოს პატივცემული ყველა მხარის მიერ. ხდება დემონსტრირება, ჩვენება მისი ერთიანობის, მისი მყარი ერთიანი გადაწყვეტილების და სწორედ ამ ევროპასთან გვინდა, ვიყოთ ინტეგრირებული. წლევანდელი წელი ასევე გახლდათ ქალების წელი. უკრაინელი, ირანელი ქალების წელი და მინდა, მათ მიმართ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის გამოწვევაა უკრაინაში ომიც.
„როგორი წელი იყო საქართველოსთვის. აქაც არის გარკვეულწილად გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, თავისთავად ომი უკრაინაში არის გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან ის ისევ ხსნის იმ ჭრილობებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს აქვს, განსაკუთრებით შედარებით მცირე სახელმწიფოებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, ქართველი ხალხი გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი ამ მდგომარეობის მიმართ. იქნება ეს სამხედრო მხარდაჭერა, მებრძოლები, რომლებიც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა სახის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, რომ არ გაგრძელდება მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ახალი გამოწვევები გამოჩნდა ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც.
„პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ხურავს იმ დებატებს და კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან მიმართებაში, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები. ახლა ეს დისკუსია დაიხურა. ასევე ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ახალი პროექტების მიმართ.
დღეს ხელი მოეწერა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს, რაც არის მნიშვნელოვანი კავშირი ევროპასთან და არის კონკრეტული კავშირი.
ამასთან, იყო რა თქმა უნდა, იმედგაცრუება საქართველოს მოსახლეობაში კანდიდატის სტატუსი არმიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა, რომელიც არასოდეს ყოყმანობდა და არასოდეს გადაუხვევია ევროპისკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას და ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას, მისი სახელმწიფო უწყებებიდან, პოლიტიკური ლიდერებისგან, ელიტისგან და რას ელოდებიან მათგან. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, არ დაგვავიწყდეს, ისინი ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. ქართველები არ უნდა დავივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, არის ის, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავს მოახვიოს საკუთარი ნება-სურვილი მეზობელ ქვეყნებს.
„კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, უკრაინაში ომის გარდა, რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავს მოახვიოს თავისი ნება-სურვილი მეზობელ ქვეყნებს, ეს შემდეგი გამოწვევა პირდაპირ კავშირში გახლავთ რუსეთთან. ზოგიერთი ადამიანი აქ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ამას სჭირდება დამატებითი ანალიზი, შეიძლება, ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობდეს, რომ უფრო უსაფრთხო შეიძლება, იყოს, რომ კრიტიკა იყოს მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ეს რჩება მთავარ გამოწვევად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, უდიდესი გამოწვევაა რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს. მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და მათ უწევთ ამ გამოწვევებთან ცხოვრება, მათ ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებით, ისინი არიან ასევე მობილიზაციის მსხვერპლი. მათ უწევთ მუქარის ატანა და მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ეს სიტუაცია სათავისოდ. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცება. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა.
ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც გახლავთ რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია. გამოწვევა, რომელიც გახლავთ გარკვეული შესაძლებლობა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები.
არის ასევე ძალიან დიდი გამოწვევები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო და ეს არის მხოლოდ უკრაინის ხელში. ცხადია, ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე, ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო