"ასეთი კადრების ჩვენება პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა"- ნაზი ჯანეზაშვილი
რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ მოიქცა სწორად, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდესაც გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის კადრები, - ამის შესახებ Firstnews.ge-თან საუბარში უფლებადამცველმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყნის მართლმსაჯულებაზე, მათ შორის პატიმრებზეც.
"საქართველოში ათასობით პატიმარია, როდესაც ისინი ნახულობენ, რომ ასეთ რამეს აკეთებს პენიტენციური სისტემა, რა თქმა უნდა, ყველას უჩნდება შიშის და დაუცველობის განცდა.
ამავდროულად, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისითაც, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თან ეს ხდება იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალო დაწესებულებიდან ვერ რთავს, იმისათვის რათა მან მიიღოს პროცესში მონაწილეობა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მთელი დღე იყო წინასწარ დაგეგმილი, იმისათვის რომ ჯერ ეს ადამიანი არ გამოჩენილიყო უშუალოდ პროცესზე და არ ენახა ხალხს მისი მდგომარეობა, არამედ უშუალოდ მათივე შერჩეული კადრებით ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა.
ამავდროულად, ვერანაირად ვერ დავინახე რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ხელისუფლებას იმისთვის რომ ეს კადრები ეჩვენებინა. იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ, ასე მძიმე მდგომარეობაში, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, როდესაც ადამიანი დახურულ სისტემაშია, მისი ქცევა არის სრულიად განსხვავებული,"- განმარტა უფლებადამცველმა.
მისიივე განცხადებით, საქართველოში პატიმრები სხვადასხვა პროტესტის ფორმას მიმართავენ, ამის კი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს.
"ვიცით, ზოგ შემთხვევებში ქცევის პრობლემებიც ყოფილა. თუ რაიმე პრობლემას ხედავს, პენიტენციურმა სისტემამ სხვაგვარად უნდა მოახდინოს რეაგირება. ფსიქოლოგი უნდა შეუყვანონ, ან პრევენცია მოახდინონ სხვადასხვა ფაქტების ეს ყველაფერი მათი პასუხისმგებლობაა.
ასეთი კადრების ჩვენება პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. მთლიანად პენიტენციური სისტემის იმიჯზე და ასევე პატიმრების მდგომარეობებზე და განწყობებზე ძალიან მძიმედ იქნება ასახული, რაც ძალიან ცუდია.
მე არ ვარ სასამართლო, რომ საბოლოო შემაჯამებელი დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რაზეც სამომავლოდ შესაბამისი სამართალწარმოების გზით რეაგირება უნდა მოხდეს,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო