"ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ვერაფერს მოვუწოდებ"-გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესების გაჭიანურება არაფრით არ შეიძლება.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

 

„ძალიან გაჭიანურდა პროცესები. მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არანაირად არ იძლევა. იმედი გვქონდა, ერთიანად, ზედიზედ ჩატარდებოდა პროცესები. საჭიროების შემთხვევაში, ასე ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ ჩვენ სულ სხვა შედეგს ველოდით. ცუდადაა ადამიანი, კარგად რომ იყოს, ხომ არ ავტეხდით ამხელა ამბავს. როცა ჯერ კიდევ პროცესი გრძელდებოდა, სააკაშვილის სანახავად ვიყავი. არ ვიცოდი, რომ მომდევნო პროცესი 29-ში დაინიშნა. ეს ფაქტი ძალიან არ მომეწონა, რადგან არაფრით არ შეიძლება ამის გაწელვა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ხომ არის დიაგნოზები, რაც საჭიროა და რატომ არ უნდა დავუჯეროთ. აბა, ვის უნდა დავუჯეროთ. გუშინ პროცესზე შეუძლოდ გახდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მცირე ემოციური დისკომფორტი როცა ექმნება ადამიანს, ეწევა წნევა. ღვთის მადლით, სასამართლოსთან არ მქონია ურთიერთობა, ეს პირველი შემთხვევაა. არ ვიცი, რა წესებია, რის უფლებას იძლევა და რისას – არა. ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო. ამიტომ ვფიქრობთ, როცა საჭიროება მოითხოვს, დაჩქარდეს პროცესები. შემდგომი ეტაპი შეიძლება აღარ იყოს, ისეთია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

 

„არ ვიცი, ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტია. ვერაფერს მოვუწოდებ. პრეზიდენტი ის არის, იცის თავისი უფლებები, მოვალეობები და საკუთარი მორალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სააკაშვილზე. მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტი, რომელიც გუშინ სააკაშვილის პროცესზე დაიკითხა, ძალიან პროფესიონალი იყო.

 

„ძალიან დიდი პროფესიონალი იყო. მასტერკლასი იყო, რაც გუშინ იმ კაცმა გვაჩვენა. ვფიქრობ, ჩვენი პროფესიონალების საყურებლად, გამოცდილების მისაღებად იყო „სიენენზე“ გადაცემა 12 წუთი. იშვიათობაა, 12 წუთი დაგითმონ ასეთი სიუჟეტი. უკრაინა ძალიან გააქტიურდა. უკრაინულ არხზე იყო ასევე სიუჟეტი ჩემს შვილზე. ესე იგი, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ჩემს შვილზე. უკრაინულ ენაზე უნდოდა მიემართა თანამოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი შვილი დღეს არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა მას არ აქვს. იმის მეოთხედი არ გაუკეთებია უკრაინაში, რაც აქ გააკეთა, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, ხედავთ. ისინი უფასებენ და ზელენსკის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. განცხადების გარეშეც, მე ვიცი, რომ ზელენსკი მუდმივად ამაზე ფიქრობს და ზრუნავს, სხვა დანარჩენი თანამდებობის პირებიც უკრაინაში. არაფერს არ ველი, როცა დავინახავ შედეგს, მხოლოდ შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ყველაფრის იმედი მაქვს, მაგრამ ვიდრე არ დავინახავ შედეგს, ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

წაკითხვა 219 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.