"ვულოცავ საქართველოს ილია მეორის აღსაყდრების 45-ე წლის იუბილეს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ილია II-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, ადამიანი, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო.

 

სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთი გერგოთ და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ, ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება.

 

მსოფლიოს, ევროპისა და სრულიად საქრისტიანოსათვის ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინაში, ევროპის გულში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს, გვახსენდება 2008 წლის ომის დროს თქვენი ღვაწლი, როდესაც უდიდესი დათმენით შეხვდით საქართველოს თავსდამტყდარ განსაცდელს, შებრძანდით საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ცხედრები გადმოასვენეთ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქართველი ერის, მტერზე სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

 

თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების, არამედ სრულიად საქრისტიანოს, მსოფლიოს პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერების პატივისცემა დაიმსახურეთ, რომის პაპის თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, წელს სიქსტეს კაპელაში უძველეს ქართულ საგალობლებთან ერთად თქვენი შექმნილი საგალობლებიც გაისმა, რაც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ოქროს ფურცლად ჩაიწერა.

 

თქვენი მოღვაწეობით დაიმსახურეთ გულწრფელი სიყვარული, როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში.

 

ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანის სიმრთელეს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

წაკითხვა 240 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.