"მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო"

ჩვენ გამოვიარეთ გზა ხელის ბიჭობიდან ღირსეულ პარტნიორობამდე. მთავარი ევროპული მომავალი კი არ არის, მნიშვნელოვანია, ევროპასთან დარჩე ისე, რომ საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპა სტრუქტურები არ არის. დავით მაღრაძის განმარტებით, მთავარია, არ დავკარგოთ ღირსება, წარსული, მომავალი, სამართლიანობაზე საკუთარი წარმოდგენა.

 

დავით მაღრაძის შეფასებით, წელს ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ უპირველესი საზრუნავი სამშობლოს ინტერესია.

 

„აგრესიაც, რაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადებებში გამოიხატება, ამით არის განპირობებული. ამ ტენდენციით საქართველო მეორეხარისხოვანი ქვეყნის ცნობიერებისგან გათავისუფლდა. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ქართველი საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინეს და პრიორიტეტად სამშობლოს ინტერესი აქციეს. შორეულ და ახლო მეზობელ დიდ ქვეყნებსაც ყოველთვის აქვთ თავიანთი ინტერესი, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენი სამშობლოს მისწრაფებებს. ამიტომაც ზოგჯერ პატარა ქვეყნებს დათმობაზე წასვლა უწევთ. ასეთ დროს მთავრობასა და ხალხს სიბრძნე მართებს და არა შიშველი ემოციებით მოქმედება. ამ დროს გვჭირდება პოლიტიკური სიბრძნე, ისე, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

ამასთან, დავით მაღრაძის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარის კრიტიკული შეფასებები მთელი ევროპის კრიტიკას არ ნიშნავს.

 

გარდა ამისა, დავით მაღრაძის თქმით, უსამართლობაა, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ „მთავარია, ჩვენ არ გადავუხვიოთ დასავლურ კურსს, სანთელ-საკმეველი კი თავის გზას არ დაკარგავს“.

 

„ხშირად ევროპარლამენტარების უსამართლო ნაწილის კრიტიკა საქართველოს მოსახლეობაში ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას იწვევს, ისე, როგორც ქრისტიანობის დისკრედიტაციას იწვევს სამღვდელოების უღირსი ნაწილის ქმედებები, მაგრამ საბოლოოდ არც ქრისტიანობაზე გვითქვამს უარი და არც ევროსტრუქტურებზე. ჩვენთვის მთავარია, გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს. ევროპარლამენტის თვალსაჩინო უსამართლობაა, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა რომ მოგვანიჭეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური შრომით ვადასტურებთ, რომ, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც ვისწრაფვით ევროპისკენ. მთავარია, ჩვენ არ გადავუხვიოთ დასავლურ კურსს და სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.

წაკითხვა 244 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.