დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მთავრობამ დამატებით 20 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

 

ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყოფა.

 

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული თანხა დაახლოებით 4 000-მდე სახლისა და 300-მდე საჯარო შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება.

 

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ დღეს იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებით იქნას გამოყოფილი თანხა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით. გამოყოფილი თანხა ჯამში შეადგენს 20 მილიონ ლარს, რომელიც განკუთვნილი იქნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიმართულებით. პირველადი შეფასებით, ეს არის დაახლოებით 4 000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლებიც გარკვეული მოცულობით იქნა დაზიანებული, რიგ შემთხვევაში – სრულად, რიგ შემთხვევაში კი – ნაწილობრივ. აღნიშნული შენობა-ნაგებობებისა და კერძო სახლების რეაბილიტაციისთვის იქნება გამოყოფილი 20 მილიონი ლარი, რომლის ხარჯვის პროცესი დაიწყება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით, თანხა გამოყოფილია და სამუშაოები უკვე დაიწყება იმის მიხედვით, რომელ რეგიონში რა მასშტაბის ზარალია.

 

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, დღევანდელი შეფასებით, გამოყოფილი თანხა სრულად ეყოფა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მიყენებული ზარალის აღმოფხვრას, ხოლო თუ პროცესში დამატებითი ფინანსების საჭიროება გამოჩნდება, თანხის კორექტირება მოხდება.

წაკითხვა 218 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.