"ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება"- გახარია გამყრელიძეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, ამირან გამყრელიძეზე, საუბრის დროს ამბობს, რომ "დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი".

ასე ეხმიანება გახარია იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა.

 

"სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

 

კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად... მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა", - წერს გიორგი გახარია ფეისბუკზე.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან კრიტიკული შინაარსის წერილები გაუგზავნა ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს, რომელიც ახლა NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. დღეს, 1 თებერვალს, ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა მის მიერ მოპოვებული წერილები, რომლებშიც გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს განმარტებებს სთხოვს.

 

"თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა", - წერდა ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას "ფორმულის" მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად.

 

სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტებები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მათ უყენებს ამირან გამყრელიძე.

 

ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. 2022 წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა.

 

"ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

წაკითხვა 264 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.