დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს

პირველი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრობაში” არჩევნების შემდეგ - ენმ-ის ლიდერთა ნაწილი ახლად არჩეულ თავმჯდომარეს არაკოლეგიალურობაში ადანაშაულებს და საჯარო განცხადებების წინასწარ მათთან შეთანხმებას სთხოვს.

ხატია დეკანოიძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ დატოვა, როდესაც მან განაცხადა, რომ მზად არის, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან მანდატებზე, პარლამენტსა და საკრებულოებში; დეკანოიძე ამ განცხადებას პოპულისტურ პოლიტიკად აფასებს და ამბობს, რომ პარტიაში პოპულისტური პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელების კრიტიკას არ იზიარებს და კინკლაობის ნაცვლად პარტიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს.

 

“ლელოში” იმედი აქვთ, რომ “ნაცმოძრაობაში” გაერკვევიან როგორ მოიქცნენ საკუთარ მანდატებს, თავად კი ეს პოზიციონირება სწორად არ მიაჩნიათ. “ოცნებაში” კი აცხადებენ, ნაცმოძრაობის მანდატები არავის სჭირდება. “რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას მოითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებას, რა თქმა უნდა სჯობს პარლამენტიდან გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე”, - აცხადებს “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხაბეიშვილის ამ განცხადებას უცნაურს, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილს უწოდებს და აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატების დატოვებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი ვარაუდობს, რომ მანდატებს არ დატოვებენ, მაგრამ ბოიკოტს გამოაცხადებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უცნაური განცხადებაა, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილი. “ქართულ ოცნებას” არაფერში არ სჭირდება “ნაცმოძრაობამ” მანდატები რომ დატოვოს. ამ ნაბიჯით “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ თავი უნდა დაანებონ არასერიოზული განცხადებების გაკეთებას. ხაბეიშვილი აღარ არის აქტივისტი, პარტიის თავმჯდომარეა და განცხადებას აკეთებს უკვე პარტიის სახელით. როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში, ვერ გეტყვით, დამარცხებული მხარე არ ჩქარობს პარტიის დატოვებას, ალბათ ელოდებიან ხაბეიშვილი როგორ დაიხსნის მიშას ციხიდან. ამ ეტაპზე პარტია შეიძლება არ დაიშალოს. პირველი გადინება ინტელექტუალების მოხდა 2016 წელს და ახლა ვიღა რჩება ინტელექტუალი...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ამ პარტიაში ერთადერთი ხმის მომტანი იყო სააკაშვილი, რომელსაც ჰყავდა თავისი ბირთვული ელექტორატი, რომელიც წლიდან წლამდე არ იზრდებოდა, მაგრამ არც მცირდებოდა. ახლა როცა გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი თავისი მდგომარეობის გამო ხმების მომტანი აღარ არის, დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, პარტიულ ელიტას შორის. ვის დარჩება პირველობა. მელიამ წააგო არჩევნები. გაიმარჯვა კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა ხაბემ. მაგრამ, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ამ პარტიაში მათი ნებისმიერი მოქმედება იქნება კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება პარტიის დაშლას, არა მგონია, რომ დაიშალოს, ამის რესურსი არ აქვთ. მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პერფორმანსები ბევრი იქნება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, პარლამენტს არ დატოვებენ, ბოიკოტი შეიძლება გამოაცხადონ, რაც მათ საქმეს კიდევ უფრო ნულისკენ წაიყვანს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

წაკითხვა 268 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.