“რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს”- ვახტანგ ძაბირაძე
“ნამდვილად გასახარია, რომ ევროკომისიის დასკვნა ასეთი პოზიტიურია, მაგრამ ეს მაინც ტექნიკური შეფასებაა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველო ამ გზაზე აქამდეც უსწრებდა ბევრი მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვას.
ეს, სხვათა შორის, მაშინაც კი ითქვა, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. მე ამ გადაწყვეტილებას მაშინაც შეცდომად ვაფასებდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ამას ჰქონდა პოლიტიკური მიზეზები, რომელთა აღმოფხვრაც საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ასეთი შეფასება მოგვცა, მაგრამ ვითარება ისეთია, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ის, თუ როგორ შესრულდება ევროკომისიისვე მოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ჩვენთან უმთავრესი პრობლემაა სახელმწიფოს ფუნქციონირება რამდენად დემოკრატიულია, რამდენად ძლიერია ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური შეფასება ნაწილობრივ აჩვენებს, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით ამა თუ იმ სფეროში გვაქვს წინსვლა, მაგრამ ეს იქნება თუ არა საკმარისი კანდიდატის სტატუსის მოცემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს“.
“ისე ჩანს, უმნიშვნელოვანესი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი. აქაც სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. დღეს ქართულ პოლიტიკაზე სააკაშვილის გავლენა ისეთი ნამდვილად არ არის, რომ მისმა გათავისუფლებამ ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ, წესით, გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას უნდა გაუადვილდეს. თუ საკითხი ასე დგას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეიძლება სააკაშვილის ციხეში ყოფნამ შეუშალოს, მაშინ ყველაფერი უნდა შეფასდეს სახელმწიფო ინტერესების გადმოსახედიდან და შემდგომ მოიძებნოს სამართლებრივი გზა მისი ქვეყნიდან გასვლისთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო და უცოდველია, არც იმის მჯერა, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა. არადა, ჯვარი სწერია და, ბოლო 3-4 თვეა მისი ახლობლები თუ მხარდამჭერები ამტკიცებენ, კვდებაო. ვნახეთ მისი ჩართვა სასამართლო პროცესზე. მართლაც არ არის კარგად, სჭირდება მკურნალობა, მაგრამ არც ისე ცუდად ჩანს, რომ ფატალური დასასრული ემუქრებოდეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სწორედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ჩვენი პარტნიორების პოზიცია და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, მაგრამ აქვე ვიტყვი, ეს არ იქნება საკმარისი მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ქვეყანაში მთელი გარემოა არაჯანსაღი. ასე მგონია, სასამართლო სისტემის გამართვაც კი ვერ მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს პოლარიზაციის შემცირებისთვის. მთელი მედიასაშუალებები, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გაჟღენთილია სიძულვილის ენით. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რასაც ჰქვია რიგითი მოქალაქის ურთიერთობა ხელისუფლებასთან. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ - ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ კომპანიამ, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა და რომლის მესვეურიც დააკავეს, დედაქალაქის მერიის გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი მოიგო. ამას რომ კითხულობ, ბუნებრივია, გიჩნდება პროტესტი და ჩნდება ბზარი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. უსამართლობის განცდა მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცას კანონის დარღვევით შეუძლია წარმატების მიღწევა, რიგით მოქალაქეს კი ლამის სუნთქვის უფლებასაც ართმევენ. ამის დაძლევა ძალიან გრძელი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ საწყის ეტაპზე ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ქვეყნის მტერსა და აგენტს არ ეძახდნენ. ამის მიღწევა უფრო ადვილია, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, პარტია გაიყოფა - ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობისთვის” პირველი, პოლიტიკური ინტელექტის უდიდესი ნაწილი ამ პარტიას 2016 წელს გამოეყო, როდესაც “ევროპული საქართველო” შეიქმნა. ასეთივე მასშტაბური გასვლა შეიძლება ახლა არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს “ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორალურად გაყოფს. თუ მელიას ჯგუფი მართლაც წავიდა, პარტიას ისევ პოლიტიკური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს. ხაბეიშვილს კი ორი უმძიმესი ტვირთი აქვს აკიდებული: ერთი კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენა, რომლის სიმძიმესაც პოლიტიკურად უნდა გაუძლოს, და მეორე პარტიის ინტელექტუალური დონე, რომელიც ცისკარიშვილ-კირკიტაძის ამარა რჩება. გაიხსენეთ, ერთიც და მეორეც იმით გამოირჩეოდნენ, რომ პარლამენტში ჩხუბობდნენ. რაც შეეხება მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, მათგან ერთი რეპრესიებთან ასოცირდება, მეორე - კორუფციასთან. მათთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ბევრი ოპოზიციური პარტია არ ინდომებს. ამ საკითხზე “ლელომ” უკვე გააკეთა განცხადება... ასეთ ვითარებაში პარტიის გაძლიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ მელია დარჩება, რაც ძალიან წარმოუდგენელი მგონია, მაშინ გარკვეული დროის მერე, ალბათ, ისევ ვადამდელი არჩევნები გახდება პარტიაში საჭირო”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, მის გამოსახსნელად შტაბებს მაშინაც ქმნიდნენ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა, ასე იქნება ახლაც. ამ საქმეს შტაბების შექმნა ვერ უშველის. ეს უფრო პიარსვლა მგონია, რათა ხაბეიშვილმა ამომრჩეველს დაანახოს, რომ რაღაცას აკეთებს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას, ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებითაც გამიჭირდება თქმა, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს ურთიერთობა აქვთ “ქართულ ოცნებასთან”. თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელისუფლებას ასეთი “ნაციონალური მოძრაობა” ხელს აძლევს და, რა თქმა უნდა, შეეცდება არჩევნებამდე შეინარჩუნოს. რატომაც არა, მას სჭირდება რადიკალური, მყვირალა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის აჩრდილებით დამძიმებული ოპონენტი. ის, რომ ისინი ჯერ ტელეეკრანებზე არ ჩანან და საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, არაფერს ნიშნავს, მათი რეანიმაცია უკვე მოხდა. თუ რამე არ აძლევს ხელს “ქართულ ოცნებას”, ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ბოლო დროს რუსეთი საქართველოს მიმართულებით ერთობ გააქტიურებულია... შეიძლება კულუარულ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან?” - პასუხობს:
“თუ ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოზიციას გავიხსენებთ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კულუარულად ლაპარაკობენ. მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, ლაპარაკია მამისონის უღელტეხილსა და რაჭაზე გამავალ გზაზე. ამასთან, გავიხსენოთ, ამ ცოტა ხნის წინ გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენს, ვინმე ხიდაშელს, ლამის მთელი რაჭის ტყეების ყიდვა სურდა. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდა, მაგრამ მეეჭვება, ეს დამთხვევა იყოს. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი დეტალურად უნდა განმარტოს, ვის რას ელაპარაკებიან ან რა გადაწყვეტილებებს იღებენ. ვის სჭირდება ამგვარი მაგისტრალი? ვიღაცას იქნებ მომგებიანად მოეჩვენოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს საქართველოს მხოლოდ კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია, იმდენად მძიმე დღეში, რომ ლავროვის აფრიკის ქვეყნებში ვიზიტებს პომპეზურად აშუქებენ. შესაძლოა საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის აფიშირებით სურთ საკუთარ მოსახლეობას აჩვენონ, რომ მათ ვიღაც უსმენს და ანგარიშს უწევს”...
“რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს საქართველოს არაფერს მოუტანს და აჩენს კითხვას, აღდგენის შემთხვევაში ამ გზით რუსეთი მართლაც ხომ არ შეეცდება სანქცირებული ტვირთების გადატანას. საქართველომ ამას უნდა აარიდოს თავი, მით უფრო, რუსული თვითმფრინავების ფრენა ევროპაში, ფაქტობრივად, აკრძალულია. სწორედ ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყველას შეახსენა სანქციების საკითხი. თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ბუნებრივია, ეს ჩვენმა მეგობრებმა შესაძლოა ძალიან მკაცრად შეაფასონ... რუსები, როგორც ჩანს, შეაშფოთა საქართველოსთან ურთიერთობის რაიმე ტიპის რეგულირების პერსპექტივამ და სასწრაფოდ გაავლეს წითელი ხაზები, რომ თურმე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა არ გადაიხედება. ზატულინმა რაც თქვა, ამით გააძლიერა საქართველოს ხელისუფლების ნარატივი, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსები ომს დაგვიწყებენ. მოკლედ, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას არ ღალატობს. სხვას არც არაფერს მოველი მათგან. მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“რუსეთი იქცევა ისე, როგორც თვითონ აწყობს. ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსეთთან დაკავშირებით დამღუპველია. მეც ვიზიარებ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია, მაგრამ ქვეყნისთვის კატასტროფულად არ მივიჩნევ. საქმე ისაა, რომ ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. თუ უკრაინამ ეს ომი გამარჯვებით დაასრულა, მაშინ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში თუ ვინმე სხვა. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ცნობილია, `ენდიაის~ ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. ამ რეალობას ვერავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ საკითხავი ისაა, ეს როდის მოხდება და ამ გზაზე რას დავკარგავთ ან რას მივიღებთ”, - დასძენს ძაბირაძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი