“რუსეთის იმპერიის დაშლა ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება რეალურია და ამას მივესალმები”- დიმიტრი შველიძე
“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პროგნოზის გაკეთებისას. რუსეთის ისტორიაში უკვე იყო ასეთი პერიოდი - რუსეთის იმპერია უამრავ მამრავლად დაიშალა, ვგულისხმობ 1917-1918 წლების მოვლენებს, როცა რუსეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და უამრავი პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გაჩნდა მის რუკაზე, რომლებიც რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაში არსებობდნენ. თუმცა მერე საბჭოთა რუსეთმა “მიწები შეკრიბა” და ისევ აღდგა უზარმაზარი იმპერია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლისთვის დღევანდელი რუსეთის დაშლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამიტომ ამას ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და არა მარტო ჩვენ - ჩვენ ვინ გვკითხავს ამხელა ისტორიულ საკითხებს, მაგრამ ეს გარემოება დიდ სახელმწიფოებსაც აუცილებლად გათვალისწინებული აქვთ, შტატები იქნება თუ ევროპა”, - აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის იმპერიის დაშლა ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება რეალურია და ამას მივესალმები”.
“აგერ, გერმანიამ რამდენიმე ათეული “ლეოპარდის” გადაცემის ნება მისცა თავს და მეორე დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს რუსეთთან თავის მართლებამ მოუწია უცნაური განცხადებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ არა ვართ მხარეო, დააწყნარა რუსეთი და თავზე ხელი გადაუსვა, ნუ გეშინია, შენ არ გებრძვიო... ევროპას რუსეთის ძალიან ეშინია. ჩვენ კი მიჩვეული ვართ ღატაკ ცხოვრებას, არც ახლა ვართ დაწყნარებული, მაგრამ გუშინ გავიარეთ ღატაკი და ქაოსური პერიოდები. რუსები, მით უმეტეს, მიჩვეული არიან სიღატაკეს - ჰქონდეთ ერთი კარტოფილი, “ტელეგრეიკა” და ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებენ, მაგრამ ევროპელები რამდენს გაუძლებენ, არ ვიცით, ვინაიდან არ უყვართ კომფორტის დაკარგვა, რუსეთის პრობლემებმა კი შეიძლება მათ დისკომფორტი გაუღრმაოს. აშკარაა, რუსეთი არ აპირებს ომიდან გამოსვლას, მან უკრაინის ორ დაპყრობილ ოლქს კიდევ ორი დაუმატა, ჯერ მის ხელშია ინიციატივა. წარმოვიდგინოთ და, ღმერთმა ქნას, უკრაინამ გაიმარჯვოს, რუსეთი თუ დაიშალა, რამდენად ლეგიტიმური იქნება ეს?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი შველიძე.
“მაგალითად, რუსეთს თუ ჩრდილოეთი კავკასია გამოეყოფა, ეს სავსებით ლეგიტიმურია, ვინაიდან იქაურ ხალხებს - დაღესტნელებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ყაბარდოელებსა და სხვას - ჩვენზე მეტად თუ არა, ჩვენსავით სურთ თავისუფლება. ყველაზე ხანგრძლივი განმათავისუფლებელი ომი რუსეთთან ჩრდილოკავკასიელებს ჰქონდათ, შამილის დროს. 30 წლის განმავლობაში იბრძოდა ამხელა იმპერია ერთი ბეწო ჩრდილოკავკასიელების წინააღმდეგ და როგორც გამსახურდია იტყოდა, რუსეთმა “რკინის ჯაგრისით გადაპარსა კავკასიელები”. მათ ახლაც რომ თავისუფლება უნდათ, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ. თუ ჩრდილო კავკასია გათავისუფლდება და რუსეთი ამაზე წავიდა, ეს კიდევ შეიძლება დავუშვათ, მაგრამ რუსეთი არ წავა ციმბირის დაკარგვაზე, რუსეთი ციმბირით ცოცხლობს. რუსეთის იმპერიის დაშლა, სიმართლე გითხრათ, ზღაპარი მგონია, მაგრამ რუსეთის დასუსტება უფრო რეალურია და ამას მივესალმები - ჩვენთვის საკმარისია რუსეთი მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცეს და ჩვენსა და მას შორის გაჩნდეს ბუფერი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ან ფედერაციის სახით. კარგი იქნება, თუკი ეს ბუფერული ზონა გაჩნდება და რუსეთთან უშუალო საზღვარი არ გვექნება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“არა მგონია, შორეული აღმოსავლეთის დონეზე დაიშალოს რუსეთი, მაშინ რუსეთი კარგავს იმას, რაც მას აცოცხლებს - ნავთობი, გაზი, ხე-ტყე... ყველაფერი, რითიც რუსეთი რაღაცას წარმოადგენს, ურალის აღმოსავლეთითაა. ჯერ ერთი, ყველა ამ რესპუბლიკაში რუსული მოსახლეობაა უმრავლესობაში. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არა მაქვს, მაგრამ იქ ორი საუკუნის განმავლობაში მიდიოდა რუსეთიდან გადასახლების პროცესი. მეორეც - ისინი ისე არიან რუს საზოგადოებაში ინტეგრირებული, სხვა არაფერი უნახავთ. რაღაც დონეზე შეიძლება არის სეპარატისტული განწყობები, მაგრამ არც ეროვნული მოძრაობა, არც გამოყოფის მსგავსი გამოსვლები... რუსეთი ჩრდილო კავკასიას უფრო შეელევა, ვიდრე ციმბირს. ან კავკასიას რანაირად დათმობს, ძნელი წარმოსადგენია. დასუსტების შემთხვევაში, რუსეთიდან გასვლას, სავარაუდოდ, პირველად ჩეჩნები მოინდომებენ. მათ ახლა ე.წ. შესვენება აქვთ გამოცხადებული, დაუწერელი კანონივითაა ჩეჩნეთის ცხოვრებაში - ისინი უნდა მომაგრდნენ, გამრავლდნენ და მერე ისევ დაიწყებენ ბრძოლას. ადრე თუ გვიან, ჩრდილო კავკასია თავს რომ წამოყოფს, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რამდენ ხანში, ვერ გეტყვით. როგორც კი ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება, იქ ყველაფერი შეიცვლება”, - განაგრძობს პროფესორი.
“პუტინის ფავორიტი კადიროვი 2 საუკუნეს ვერ იცოცხლებს, იქ სხვებიც არიან, მაგრამ ჯერ ჩუმად. ამასთან, ჩეჩნებს ჰყავთ დიდი დიასპორა, მფარველები თურქეთისა და ისლამური სამყაროს სახით. ასე რომ, ჩრდილო კავკასიას რუსეთი ბოლომდე ვერ მოაშთობს, ეს დროებითი მოვლენაა. მოკლედ, უნდა მივესალმოთ რუსეთის იმ დონეზე დასუსტებას, რომ ჩრდილო კავკასია დათმოს. ზოგი ექსპერტის აზრს - ჩვენს საზღვრებს მოაწყდება მთელი ჩრდილო კავკასიაო, ვერ დავეთანხმები. პატარა არეულობები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩრდილოკავკასიელები არ არიან ჩვენი მტრები, წარმოუდგენელია, მათ საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ. როცა ჩეჩნები ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ეს ჩვენი შიდა პრობლემები უფრო იყო. იმ შემთხვევაში ებრძოდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას ან მათი ნაწილი მხარს უჭერდა აფხაზებს. რაღაც გაუგებრობები იქნება, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩრდილო კავკასია ოდესმე გათავისუფლდება, ეს იმხელა რეგიონული ცვლილება იქნება, ჩვენ გარშემო ისეთი ვითარება შეიქმნება, პირიქით, ამას მხარს დავუჭერთ”, - ამტკიცებს დიმიტრი შველიძე.
“როგორც კი რუსეთი დასუსტდება, ჩრდილოკავკასიელები თავს წამოყოფენ, ოღონდ ჯერ არა, ჯერ უკრაინის ამბებია დასამთავრებელი. არა მგონია, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, ესეც დროებითი იქნება. უკრაინას რუსეთი ვერ ჩაყლაპავს, ეს წარმოუდგენელია. ომი თუ ყაიმით დამთავრდა, ესეც დროებითი იქნება, იმიტომ, რომ ევროპელები სანქციებს, ალბათ, გააგრძელებენ. რუსეთის დასუსტება, განსაკუთრებით ეკონომიკურად, ცოტა გრძელვადიანი პროცესია, ეს დღეს-ხვალ არ მოხდება. გარდა ამისა, არსებობს დანარჩენი მსოფლიოც, რომელთანაც რუსეთი ვაჭრობას გააგრძელებს, მაგალითად, ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ ამერიკასთან. ჩვენთვის მთავარია, რუსეთი მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცეს. რაც შეეხება რუსეთის მთლიანად დაშლას, ეს წარმოუდგენელი ქაოსი იქნება და საიდან რა გამოვა, ეს უფალს მივანდოთ. არ მეგულება დედამიწაზე ერთი ექსპერტი მაინც, რომელიც აქედან მყარ დასკვნას გამოიტანს. ამას წინათ, ფეისბუქზე იყო რუსეთის დაშლის ერთ-ერთი ვერსია და იცით, რა დონეზე იყო დაშლილი? - იაკუტია ცალკე, ჩუკოტკა, ბურიატია - ცალკე... რუსეთში უამრავი ხალხია, ათეულობით ავტონომია და რესპუბლიკაა და თუ ასე დაიშალა, ეს ნახევარი მსოფლიოს შეცვლას ნიშნავს. ამას დასავლეთიც შიშით უყურებს, მსოფლიო წესრიგი აირევა”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“დასავლეთს, რომელიც დღეს შეკრული ერთობაა ნატოსა და ევროკავშირის სახით, არანაკლები პრობლემები აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან. რამდენადაც ვიცი, დღეს ამერიკაში ჩინეთზე არანაკლებ ლაპარაკობენ, ვიდრე უკრაინასა და რუსეთზე. ის მზარდ კონკურენტულ ძალად მიაჩნიათ, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. ასე რომ, დასავლურ ცივილიზაციას საკუთარი პრობლემები აქვს და ზედ დამატებული რუსეთის დაშლის პრობლემა, ძალზე ძნელი წარმოსადგენია და, რა თქმა უნდა, უფრთხიან ამ ამბავს. რაც მთავარია, ჩვენი პროგნოზები რეალისტური უნდა იყოს და ისინი წარმოუდგენელი პროგნოზების ზღვარს არ გადასცდეს. ჯერ ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ და ნაკლებად იმაზე, რა მოხდება 10 წლის მერე. ტყუილად არ ვახსენე, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური იქნება დაშლა. რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ დადგა, დამერწმუნეთ, ეს არანორმალური, ნახევრად ბარბაროსული და ყველაფრის გამკეთებელი ბირთვული სახელმწიფოა, თან არაპროგნოზირებადი კაცის ხელში. ის არ იქნება და, სხვა პუტინები გამოჩნდებიან”, - თვლის პროფესორი.
“ხშირად მახსენდება ის პერიოდი, როცა საბჭოთა იმპერია იღუპებოდა, გორბაჩოვს შეხვედრები ჰქონდა ხალხთან და დემოკრატობდა. ცუდად იყო საბჭოთა იმპერიის საქმე და კითხვები რომ დაისვა, მიტინგის ერთ-ერთმა “ტელეგრეიკიანმა” მონაწილემ გორბაჩოვს ჰკითხა, კურილების საკითხი როგორ იქნებაო. ანუ რიგითი რუსი, რომელსაც არც ტანსაცმელი აქვს, არც საკმარისი საჭმელი, კურილებზე ფიქრობს. ეს რაღაცნაირი დამპყრობელი, მონღოლოიდური ერია. ჩვენთან, საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა მომიჯნავე ქვეყნებში კი გამოიქცნენ ეს კაი დედმამიშვილები, ომს აარიდეს თავი, მაგრამ არ გამოქცეულა და ვერც გამოიქცეოდა ის საწყალი რუსი. საწყალი რუსი უზარმაზარი ციფრია რუსეთის მოსახლეობაში და ის ისევე უყურებს თავისი ქვეყნის მომავალს, როგორც პუტინი. ის უჯერებს ხელისუფლებას, ბარბაროსობის დონეზე კონსოლიდირებული საზოგადოებაა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რუსეთი შეინარჩუნონ... მივესალმოთ ჩრდილოკავკასიელების გულებში ჩაბუდებულ სეპარატიზმს და სამშობლოს თავისუფლების იდეას. თუ ისინი გათავისუფლდებიან, რაც ყველაზე ლეგიტიმურია, ძალიან კარგი იქნება. ვისურვოთ დასავლეთის გაძლიერება, რუსეთის დასუსტება და მერე შეიძლება საქართველოსთვის გამოჩნდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივაც”, - დასძენს დიმიტრი შველიძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი