რატომ გადაიდო ოპოზიციის გაერთიანება მომავალი წლისთვის

“პირველად საქართველოს ისტორიაში, ოპოზიცია ევრ ახერხებს გაერთიანებას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს; ზურაბ ჯაფარიძის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერის სიტყვების კომენტირებისას. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნა წელს შეუძლებელია და ამ თემას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

“შარშან, ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, ამას, მათ შორის, სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს”, - თქვა ჯაფარიძემ. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაიდო ოპოზიციის გაერთიანება მომავალი წლისთვის - “მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს”.

 

“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე კი მეტი ძალისხმევა გავწიოთ, რომ “გირჩი - მეტი თავისუფლება” გაძლიერდეს”, - ამბობს ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ “გირჩმა” “დროასთან” და “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად 24 თებერვალს თბილისში ერთობლივი საპროტესტო აქცია დანიშნა. მანამდე კი, 23 იანვარს ამავე პარტიებმა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ერთად “ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიცია საზოგადოებას მისთვის სასურველ ცვლილებებს უნდა სთავაზობდეს და არგუმენტირებულად უხსნიდეს, თუ რითი სჯობია ის მოქმედ ხელისუფლებას. გარდა ამისა, ასეთ გაერთიანებას თავში უნდა ჩაუდგეს ახალი ლიდერი შეუბღალავი რეპუტაციით, ასეთი კი დღეს არავინ ჩანს. ზაქარეიშვილი დიდი გაერთიანების გადადების ან შესაძლო ჩაშლის მიზეზად მოახლოებულ პროპორციულ არჩევნებს ასახელებს და მიიჩნევს, რომ პატარა პარტიებს დიდი გაერთიანების გარეშე პარლამენტში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ახლა ახალი არავინ არაა. არავინ არის ახალი, ჩრდილიდან მოსული, თეთრ ცხენზე ამხედრებული უცხო, რომელსაც არ აქვს უარყოფითი რეიტინგი. ქართული საზოგადოების ძველი, კარგად ნაცნობი სახეებიდან ვერ შედგება ერთობა, რომელიც ახალს შესთავაზებს საზოგადოებას. არც სიახლე არ არის და არც ის, თუ რატომ უნდა გავაგდოთ “ქართული ოცნება”. რით ხარ შენ უკეთესი, რის გამო უნდა მოგცე ხმა შენ, რათა შენ გააგდო “ქართული ოცნება”, როცა შენ არაფერს მთავაზობ - არ მთავაზობ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, არ მთავაზობ სამუშაო ადგილებს, არ მთავაზობ სოციალურ პაკეტებს... რატომ უნდა მოგცე ხმა?! ამიტომ არის რომ არ არსებობს არავითარი ნიადაგი. ჭაობია ოპოზიციურ სპექტრში. არ არსებობს ფეხი გადგა და არ ჩაიძირო. სიახლე არ არის არც სახეებში და არც იდეებში. პირველად საქართველოს ისტორიაში ალბათ ამიტომაც ვერ ერთიანდებიან - იქნება პროპორციული არჩევნები, ყველა პარტიას აქვს შანსი თუ გადალახავს 5 პროცენტს მოხვდეს პარლამენტში, ამიტომ საკმარისია სამი ოთხი პარტია გაერთიანდეს, რომ ის 5 პროცენტი გადალახოს. ამიტომ აქეთკენ უფრო ვხედავ შანსებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“გაერთიანება უფრო დაანგრევს ოპოზიციას, ხოლო პატარ-პატარა ჯგუფების შექმნა კი შანსებს შეუქმნის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა შევიდეს პარლამენტში. ამიტომ პატარა პარტიები ვერ ხედავენ შანსებს მსხვილ მონოლითურ გაერთიანებაში და ამიტომაც გაერთიანების საფუძველი არ არსებობს. ზურა ჯაფარიძემაც ასეთი დასკვნა, სავარაუდოდ, კონკრეტული მცდელობისა და გარკვეული ანალიზის შემდეგ გააკეთა... გარდა ამ სამი პარტიისა, ჯაფარიძემ ვერ დაინახა სხვებში მოტივაცია, რომ გამოვიდნენ ამ აქციაზე თუ გაერთიანდნენ. ჰქონდა კონტაქტები. ზურა ჯაფარიძეს ყველგან პატივს სცემენ, ყველა პოლიტიკურ ძალებში, “ქართულ ოცნებაშიც” კი მის მიმართ მეტი სიმპათია აქვთ, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიების მიმართ. ის გარკვეულწილად იწვევს ნდობას. ის არ არის ღვარძლიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის. თუ ვინმე შეიძლება ვინმესთან გაერთიანდეს, ზურა ჯაფარიძე შეიძლება ყოფილიყო ამის ინიციატორი. მაგრამ როცა ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შანსი არ არსებობს, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. მან მოსინჯა, გათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ამის შანსი არ არსებობს და ახალი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეაც ჩაიშალა”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 275 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.