"აქციის ორგანიზატორებმა არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით აჩვენეს სისუსტე"
„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, რეალურად, მთელი ეგზალტირებული კამპანია მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა.
„ქვეყნის გარედან იმპორტირებულ ტყუილს ახალგაზრდებში მოლოტოვის კოქტეილის ეფექტი ჰქონდა. იმაზე მეტი ღალატი და მტრობა რა არის, როცა საკუთარი ახალგაზრდების ემოციას მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოაყენებინებ სხვას. უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის გაწირავ. ტყუილს კი „ძალიან მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებენ, თურმე კანადისთვის და ევროკავშირისთვისაც გახდა მისაღები, ამერიკაზე და ბრიტანეთზე რომ აღარ ვისაუბროთ.
რეალურად, მთელი ეს ეგზალტირებული კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც ისევ ომის გზაზე მივყავართ. როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან მაშინვე განახლდა საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა და ის არც ისე შორსაა ჩვენგან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმაზე მეტი საზრუნავი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა, დღეს არ არსებობს. თუმცა ახალი ომი ახალი ოკუპაციის წინაშე გვაყენებს, სადაც დამხმარე და მხსნელი ისევ არ გვეყოლება. როცა ჩვენ გვსურს სტაბილური დასავლეთის წევრობა, დასავლეთიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა ემიჯნებოდეს დესტრუქციულ ოპოზიციას და ძალადობას და არა პირიქით.
რაც შეეხება იმ მძიმე დღეს, „ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, რუსთაველზე აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე, რის გამოც ქვეყნის სუვერენიტეტი „ცალ ფეხზე“ დატოვა. „ცალ ფეხზე მდგომი“ ქვეყნისთვის ხელის კვრა და წაქცევა ძალიან ადვილია. დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანიც?“ – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის