"არავინ ამზადებს მეორე ფრონტს - რა მეორე ფრონტი?" - პრეზიდენტი

არასდროს ვიყავი ტყუილად ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების მომხრე ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები - რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლეთის პარტნიორები ომში გვიწვევდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს, არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს. ვფიქრობ საარჩევნო {საკითხი} არის, განცდა, რომ მხარდაჭერას კარგავენ ამომრჩევლებში, საჭიროა კონსოლიდაცია, რასაც უფრო ადვილად ხედავენ „ხალხის ძალაში“, ვიდრე ფართო საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც მოითხოვს გამბედავ ნაბიჯებს.


შეიძლება, თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენს მიმართ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. გარკვეული სიფრთხილე მესმის, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.


არასდროს ვიყავი მომხრე არც სააკაშვილის პერიოდში, არც ოპოზიციაში ყოფნისას და დღესაც, ტყუილად რაღაც ლანძღვის, შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები.


ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს. რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ. ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.


გარდა ამისა, პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რა ტიპის ეჭვებია საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობენ თუ არა პარტნიორები, რომ საქართველო უკრაინის მხარესაა, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორსა.


„ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან ამ ტიპის ეჭვები ასე არ გამოთქმულა, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. უფრო არის განცდა, რომ ეს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისი საარჩევნო მომავლით და კონტაქტს კარგავს მოსახლეობასთან და ამისთვის რა არის გასაკეთებელი. ეს არის უფრო მიდგომა რაც მე მომისმენია, იმიტომ, რომ არ აქვთ სურვილი მიგვწიონ იქითკენ და რაღაცნაირად გადაგვაგდონ სხვა მხარეს. სიფრთხილეა, არანაირი გადამეტებული კრიტიკა არ მომისმენია. პირიქით, მცდელობაა იმისა, რომ ჩვენი ადგილი იყოს შენარჩუნებული და დაგვეხმარონ. დღესაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პათოსი ეს იყო, რომ დაგეხმარებით ამისათვის, რომ ჯერ კიდევ შეძლოთ იმ ელემენტარული ნაწილების შევსება, როგორიცაა 12 რეკომენდაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ხელისუფლებას არ უნდა მისცენ გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეულია და რისთვისაც მანდატი მიიღო.


„ხელისუფლება უნდა იყოს მიყვანილი იქამდე, უნდა დააძალო, რომ დაპირებების ერთგული იყო. ჩემი დაპირებები ხომ არაა? მე ხომ არ ჩამიწერია კონსტიტუციაში? არ შეიძლება ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როდესაც სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის მხარდაჭერა აღარ აქვს, სხვა გზით მიდის და იძულებული ხდება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს. ცხადია, ადარდებთ 2024 წლის არჩევნები, ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას, ყველაზე ნაღდი არის, რომ ხელისუფლებამ თავის ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანოს, ეს არის ის, რასაც ამომრჩეველი ელოდება. ჩვენთან მგონი, არ აქვთ განცდა, რომ არჩევნები შეიძლება პოზიტივით მოიგო და არა ნეგატივით. მიღწევებით მოიგო შენი ამომრჩევლის გული და არა დაპირისპირებით, შევიწროებით, ლანძღვა-გინებით და ა.შ.


ჩემი ძალა ძირითადად სიტყვაა და დღეს ამ სიტყვას სხვა ზურგი აქვს, ხალხის ხმა. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, არ მივცეთ ხელისუფლებას გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეული გზა და რისთვისაც მანდატი მიიღო. მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ყველას უნდა, რომ ხელისუფლება სწორ გზაზე დააბრუნოს. მისივე თქმით, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო დიდი პერსპექტივისგან გვერდზე დარჩეს, ჩიხში შევიდეს.


„აქციის დროს გვერდით დგომა ძალიან სერიოზული განაცხადია. მე ამის ერთგული ვარ და ვიქნები ბოლომდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ხალხი იქნება ჩემს გვერდით, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, მაგალითად, თუ კიდევ გახდა საჭირო ვეტოს გამოყენება. მე ვთქვი და ამას ნამდვილად შევასრულებ, ნებისმიერ კანონმდებლობაზე, რომელიც ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ წავა, რეკომენდაციების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ვეტო გამოყენებული იქნება.


დემოკრატია ამას ნიშნავს, ან ხალხთან ხარ და მაშინ ხარ ძლიერი, ხალხს თუ ჩამოშორდები ნაკლებად. მიამიტი მეც არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ძალა, ძალიან დიდი ძალაა, შეიძლება დღეს ვერ ხვდებოდნენ, თუ რამდენად ძლიერია ეს ძალა. არის მეორე ძალა, რომელიც არის საერთაშორისო თანამეგობრობა. სადაც ვიყავი, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ჩიხში მიიყვანოს ხელისუფლება. ყველას უნდა რომ ხელისუფლება დააბრუნოს სწორ გზაზე, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო ამ ძალიან დიდი პერსპექტივისგან გვერდზე დარჩეს. აუცილებელია მობილიზება მოხდეს ამ ფანჯრის მიმართულებით. მაქვს ჩემი მოსაზრებები, როდესაც დრო მოვა გავამხელ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
პრეზიდენტმა პარლამენტში მიმდინარე დაპირისპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არაფერს გვაძლევს.


„ეს დაპირისპირება არ არის არავისთვის არაფრის მომტანი. აბსურდია, სამარცხვინოა, არაფერთან მიმსვლელია, არაფერს არ გვაძლევს, გარდა სისუსტეს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.


კითხვაზე, მოიხსენიებენ თუ არა პრეზიდენტს მმართველი გუნდის წევრები დაპირისპირებულ ბანაკში მას შემდეგ, როდესაც მხარდაჭერა გამოუცხადა 8-9 მარტს მიმდინარე აქციას, პრეზიდენტი განმარტავს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ისეთი ტერმინების გამოყენება ხდება, როგორიც არის „მოღალატეები“ და „სატანისტები“.

წაკითხვა 241 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.