"როცა 12 პუნქტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სააკაშვილისა და გვარამიას თავისუფლება"
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზიანდება იმ პირობებში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება“.
ლევან ხაბეიშვილი პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ნორვეგიაში, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი პუტინის, ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში.
„გუშინ, პრეზიდენტ სააკაშვილს ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს. გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება. ამ ჯილდოს გადაცემის დროს ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომ არის რუსული ხელისუფლება და ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას. გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოვის, ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასეთივე მოწოდება აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ზიანდება.„ამ პირობებში, როცა გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, პარალელურად, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ რუსული, კრემლიდან მართული ხელისუფლებაა საქართველოში და ამის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად ხედავენ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ეს არ არის ერთი ადამიანის საკითხი, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი. როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება ისევე, როგორც ცხადია ნიკა გვარამიას თავისუფლება. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას და საზოგადოებასაც, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა. ეს ერთი, პოლიტიკურ პარტიას, „რუსულ ოცნებას“ და მეორე საზოგადოებას, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველას გელოდებით რუსთველზე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის