“ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა”
ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა, ხუთდღიან ომზე კარგად უნდა იცოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა იყო რჩევა და სერიოზული იყო ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევა, რომ საქართველოსთვის არათუ ომი აერიდებინათ, არამედ კონფლიქტის მოგვარების პროცესიც განევითარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამას დაუპირისპირდა და ყველაფერი გააკეთა ვითომ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამ დროს რუსეთს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა.
„ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ არ მგონია, ანა ფოტიგას ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს და მხოლოდ ემოციების საფუძველზე საუბრობდეს. მან ზუსტად იცის, რაც მოხდა და როგორ მოხდა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მან ზუსტად იცის, როგორ მოხდა სამოქალაქო პირების დაღუპვა, რომლებიც არ გამოიყვანეს საომარი მოქმედებებიდან. ისიც უნდა იცოდეს, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე სააკაშვილი და მისი კაბინეტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და გაკვირვებული იყვნენ იმ პროვოკაციით, რასაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ჩადიოდა. არც ანა ფოტიგას და არც სააკაშვილის გარემოცვას არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი განცხადება და არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ მკურნალობას დაემორჩილოს და თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ ადგილი აქვს თვითდაზიანებას და არავითარ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ისეთ სურათს ქმნიან, რომ საქართველო დააზიანონ. ვინც საქართველოს აზიანებს განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ არ უნდა იყოს დადებითად შეფასებული და ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯილდოს, გია ვოლსკის თქმით, იმდენად წარმოუდგენელია სააკაშვილის დაჯილდოვება „პრომეთეს“ ჯილდოთი, რომელმაც სიმართლე შემოიტანა, რომ ყველაფერი შეიძლება, იფიქრო – დაინტერესება, ლობიზმი, რაც სააკაშვილის გარემოცვისთვის უცხო არ არის და რაშიც უშველებელი თანხები დაიხარჯა.
„ყველაზე დასანანია, რომ სააკაშვილის ბიოგრაფიაში არცერთი ფაქტი დაკავშირებული არ არის არანაირ პოზიტივთან, გარდა იმისა, რომ მმართველობის პირველ წლებში რაღაც ნაბიჯები გადადგა, რათა სახელმწიფო სტრუქტურები შექმნილიყო. აქაც დიდი იყო ფინანსური დახმარება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასწია და არავის არაფერი დააყვედრა. სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა საკმარისია იმისთვის, რომ მას არანაირი ჯილდო არ გადაეცეს, რადგან ეს არის სულში ჩაფურთხება უამრავი ადამიანისთვის, ვინც შეეწირა გესტაბოს ტიპის სადამსჯელო სისტემას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის