"აშშ-ის საელჩოს უმთავრესი ინტერესი სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა"

აშშ-ის საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სავიზო შეზღუდვები დაუწესა, თავისთავად სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა და ერთი შეხედვით, რაიმე დამატებით მსჯელობას არ საჭიროებს.

 

„თუმცა, მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომლის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმე შეფასებას იმსახურებს. იმ პირობებში, როცა ოთ ქართველ მოსამართლეს მტკიცებულების გარეშე სჯიან, საელჩოს და ენჯეოების ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტად რჩება ყოფილი მოსამართლე – მამუკა ახვლედიანი, რომლის კორუფცია პირდაპირ ხელის გულზე დევს.

 

გასულ დღეებში, ტელევიზიებმა კიდევ ერთხელ გაავრცელეს ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის ცნობილი აუდიოჩანაწერი, სადაც გვარამია ახვლედიანს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით 6 მილიონი ლარიდან წილს პირდება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა თავად გვარამიამ დაადასტურა და თქვა, რომ „სისტემის მამხილებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ თანხის შეთავაზება, მისი გადმოსახედიდან, ნორმალური მოვლენა იყო. ფაქტია, რომ გვარამია იმ დროისათვის მოქმედ მოსამართლეს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უხეში კორუფციული ქმედებაა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტისა და კელი დეგნანის სტანდარტით, თავისთავად ეს ფაქტი უკვე იქნებოდა საკმარისი საფუძველი მამუკა ახვლედიანის დასანქცირებისთვის, თუმცა, ვხედავთ, რომ ახვლედიანი კვლავაც მათ ფავორიტად რჩება. მიზეზი მარტივია – ახვლედიანს საელჩო და ენჯეოები სასამართლოს დისკრედიტაციისა და სასამართლო კორპუსის გახლეჩის მიზნით დღემდე აქტიურად იყენებენ.

 

გვარამიას და ახვლედიანის საუბრიდან მალევე, ეს უკანასკნელი რამდენიმემილიონიანი ქონების მესაკუთრე გახდა, რაც ყველა სტანდარტით, მისი კორუფციული საქმიანობის უტყუარი მტკიცებულებაა. კერძოდ, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2016 წელს 2 400 000 დოლარად შეიძინა სპორტსკოლა „ოლიმპი“. გადასახდელი თანხის წყაროდ მან ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოტანილი სესხი მიუთითა და თქვა, რომ ბანკი მას „პირადი ავტორიტეტის გამო“ ენდო. ვისაც შეხება ჰქონია საბანკო კრედიტებთან, დაგვერწმუნება, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება კრედიტის ოდენობას და ყოველთვიურად დასაფარი თანხა პირის ყოველთვიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად არ აღემატება, საბანკო კრედიტს არავინ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ახვლედიანმა საბანკო კრედიტი მხოლოდ ფულის გათეთრების ინსტრუმენტად გამოიყენა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 800 ათასი დოლარი ნაღდი ფული ახვლედიანმა გამყიდველს საბანკო კრედიტის გამოტანამდე ჯერ კიდევ სამი კვირით ადრე გადაუხადა.

 

ამ ფონზე, უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა – რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტს და საელჩოს მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება.

 

ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს. მისი უმთავრესი ინტერესი კი, სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 272 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.