"ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას - ყოჩაღ!"
შემაძრწუნებელი სანახავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ეფარებიან, მის ღირსებას იცავენ თურმე და გაჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა - ყოჩაღ, მივიდნენ აქამდე მმართველობის 11 წლის თავზე, ვულოცავ “ქართულ ოცნებას” იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” სასაცილო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ოპოზიცია კი მიხვდა, რომ “ბოიკოტობანა” სასაცილო იყო და ახლა “ბედნიერი და თვალებანთებული არიან”.
“სასაცილო მდგომარეობაშია “ქართული ოცნება” ჩავარდნილი, რეგისტრაციას არ გადიან და ასე ცდილობენ გავიდნენ ფონს. ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. რას ჰქვია “ჩვენ არ გვინდა საგამოძიებო კომისია“? რეგლამენტში წერია, რომ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუძლია შექმნას, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და რამდენ ხანს გააჩერონ პარლამენტი? მარტო ეს კომისია ხომ არაა, სხვა ნებისმიერი კანონი გაჩერდება და გაჩერდა. ამიტომ სასაცილო მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“.
ორი გამოსავალი აქვთ - ერთი, რომ დააშანტაჟონ, ვინმე გადაიბირონ ოპოზიციიდან, ან აღიარონ რომ დამარცხდნენ და უხერხულ მდგომარეობაში არიან. მეორე - ოპოზიციას რომ სულ ვეუბნებოდით, „ბოიკოტობანა“ სასაცილო იყო და უამრავი ბერკეტი გვაქვს აქ ოპოზიციონერებს, ახლა მაინც ხომ მიხვდნენ? ხომ არიან ბედნიერი და თვალებანთებული? არავის მინდა ჭკუა ვასწავლო, მაგრამ ეს ასეა. კარგია, რომ მიხვდნენ და დადიან. თავის დროზე ჩვენ კი არ უნდა ველანძღეთ, უნდა დაეჯერებინათ ჩვენთვის, როცა ვეუბნებოდით, რომ არ ჩაეხსნათ სიები, 11 მანდატია დაკარგული ოპოზიციაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის