“საქართველოსა და უკრაინასთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადასვლაა“ - რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ნატოს ვილნიუსის სამიტზე

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი ვილნიუსის სამიტი შესაძლოა ისტორიული გახდეს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება. უკრაინა ითხოვს, რომ ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალება და მანამდე უსაფრთხოების მყარი გარანტიები მიეცეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი “მაპ”-ია (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).

თუმცაღა, დასძენენ, რომ თუ “მაპ”-ს მისცემენ უკრაინას, მისცემენ საქართველოსაც, რადგან, ეს ორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ერთ კონტექსტში მოიაზრებიან. “თავის მართლება უნდა შევწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს” - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Fორეიგნ Aფფაირს-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც კულება აღნიშნავს, ეჭვქვეშ არ აყენებს ალიანსის ერთგულებას უკრაინისადმი, თუმცა, ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სტრატეგიას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საქართველოსა და უკრაინასთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადასვლაა“ - რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ნატოს ვილნიუსის სამიტზე.

 

“დროა თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღების ალტერნატივა არ არსებობს, თუ ნატოს მიზანია ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინისადმი ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ალიანსის წევრები კიევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიდნენ. მაგრამ ეჭვის ქვეშ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საუბარია უკრაინაზე და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე. შიშმა ალიანსის კეთილგონიერება გადაფარა, აიძულა ფრთხილი სტრატეგია მიეღო, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს, გადააადგილეს ან მოკლეს. ნატოს სტრატეგიის შეცდომამ ასევე საშუალება მისცა რუსეთს დასავლეთის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს კიბერშეტევებით, შპიონაჟით და პოლიტიკური ჩარევით”, - წერს კულება. ის ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“20 აპრილს კი ნატო-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევს ეწვია, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია” და აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული. 25 აპრილს კი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატო-ს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მთავრობის პრესსამსახური წერს, რომ მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობებ”, - დასძენს გამოცემა.

 

“რაც შეეხება ნატოს გენმდივნის გზავნილს საქართველოსადმი, როგორც მან ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს, რადგან “ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა”. ნატოს გენმდივანმა იმედი გამთქვა, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს. რუსეთს კი მოუწოდა უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც ოპტიმალური ვარიანტი და პარტნიორობის საუკეთესო სხვა ეტაპზე გადასვლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა “მაპ”-ია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“რა გადაწყეტილებები შეიძლება იქნას მიღებული ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მოლოდინები ერთია და რეალობა მეორე, რომელიც შეიძლება დადგეს. თუმცაღა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რაც შეიძლება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით იყოს, ესაა პარტნიორობის სხვა ეტაპზე გადასვლა, მათ შორის თუნდაც ოფიციალურად “მაპ”-ის მონიჭება. “მაპ”-ი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება, ამასთანავე შვედეთის საკითხის კიდევ უფრო წინ წამოიწევა, საერთოდაც შესაძლებელია თურქეთის არჩევნების ფონზე, იმის მოსწრებაც კი, რომ ამ სამიტის პერიოდში, ან უფრო მოგვიანებით, ალიანსში შევედეთიც კი მიიღონ. სხვა თვალსაზრისით ნატოს გაფართოება რომ მოხდეს უკრაინისა და საქართველოსთან მიმართებით, ეს ნაკლებად შესაძლებელია და არ მგონია. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ უკრაინასთან მიმართებით აღნიშნული ქმედება რუსეთთან პირდაპირ ომში ჩართვას გამოიწვევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას გიორგი კობერიძემ.

 

“უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა ნატოს დიდ დაბრკოლებებს შეუქმნის, მათ შორის ალიანსის მეხუთე მუხლის ამოქმედება და რუსეთთან ომში პირდაპირ ჩართვაა. ანუ ასეთ შემთხვევაში, ნატოს შეექმნება ვალდებულება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყოს. ამასთანავე, კიდევ ერთი ფაქტორი, უნგრეთის პოზიციაა, რომელიც უკრაინის მიღებაზე უარს ღიად აცხადებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც და მოგვიანებით ვნახოთ რა იქნება. გარდა დახმარების პაკეტებისა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს მიმართებით შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა გვესურვა, რომ “მაპის” საკითხი ყოფილიყო”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“თუმცა ჯერჯერობით ესეც არაა დღის წესრიგში დაყენებული, ჩვენი გადასახედიდან ეს ყველაფერი სასურველზე ფიქრია. რეალისტურად ამ სამიტის გადამწყვეტი მნიშვნელობა უფრო გარეშე ფაქტორებითაა შექმნილი და იმითაც, რომ ნატოს გენმდივანი კიევში იყო ჩასული, ვიდრე იმით, რომ წინასწარ რაღაც მინიშნებაა გაკეთებული. თუკი ნატოსთან დაახლოებაზე იქნებოდა საუბარი, ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური “მაპ”-ი იქნებოდა. საქართველო და უკრაინა ერთად მოიაზრება, 2008 წელს პასუხი ერთად მივიღეთ და თუკი რაიმე ოდესმე რაიმე გადაწყვეტილება მიიღება, ეს ერთად იქნება”, - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.

წაკითხვა 202 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.