"ქართულ ოცნებას” ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ"- გრიგოლ გეგელია

პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ.

როგორც გეგელია აცხადებს, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ალიანსიდან გარიცხვას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია.

 

„ბრიუსელიდან ჩვენი პარტნიორები და პირველწყაროები გვატყობინებენ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პოლიტიკური ოჯახის „ევროპელ სოციალისტთა პარტიის” პრეზიდენტების სხდომაზე ღიად დადგა „ქართული ოცნების” პარტიული ოჯახიდან გარიცხვის საკითხი. წლის ბოლოს, ესპანეთში გამართულ ყრილობაზე „ქართულ ოცნებას” იმ ბოლო ერთობიდანაც გარიცხავენ, სადაც ის ჯერ კიდევ ფორმალურად წევრია და მიესვლება. მიზეზი „ქართული ოცნების” მიერ გატარებული ანტი-დასავლური და ანტი-დემოკრატიული პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ღიად ატარებს, განსაკუთრებით კი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში, სადაც ის ბრიუსელისადმი მტრულად განწყობილი, პრორუსი კონსერვატორების კონფერენციას მიმართავს სიტყვით.

 

ღარიბაშვილის მასპინძელი ვიქტორ ორბანი ბრიუსელის პოლიტიკისადმი ყველაზე მტრულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსია, რომლის ღირებულებებს და პოლიტიკას საერთო არაფერი გააჩნია იმ ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა ატარებდეს. სხვათა შორის, თვითონ ორბანის პარტია გაირიცხა „ევროპის სახალხო პარტიის” რიგებიდან ზუსტად იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ატარებდა ევროკავშირის იდეალების წინააღმდეგ. ამიტომ, ორბანის მეგობარი „ქართული ოცნების” გარიცხვა „ევროპელ სოციალისტთა” ოჯახის რიგებიდან სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური პროცესი იქნება.

 

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ალიანსიდან გარიცხვას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია წევრი პარტიის რიგებში და ამას მხარს უჭერენ ალიანსის მსხვილი პოლიტიკური ლიდერებიც“, - განაცხადა გეგელიამ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” თავისივე ოჯახის მიერ კლუბიდან გარიცხვა, იქნება მართლაც საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლების სამსჯავროზე. „შედეგად, მათ უკვე ფორმალურადაც აღარ ეყოლებათ არცერთი მეგობარი ევროპულ პოლიტიკურ ასპარეზზე და არც კონკრეტულად ევროპის პარლამენტში.

 

როგორც ჩანს, ასეთი იქნება “ქართული ოცნების” ბოლო დღეები: დასანქცირებული აშშ-ს მიერ, გარიცხული ევროპული პოლიტიკიდან, უარყოფილი ქართველი ხალხისგან, ქებული ლავროვის მიერ“, - აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

წაკითხვა 280 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.