პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა 8 სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურებს.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებული მილოცვის ტექსტის მიხედვით, პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს და არა ამ ქვეყნების მეთაურებს.
ამასთან, მისალოც ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები უკრაინის არც ხალხი და არც ხელისუფლება.
„დღეს ჩვენი მორალური ვალია, წმინდად შევინახოთ ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდ სამამულო ომზე ისტორიული სიმართლის დამახინჯება, ისევე როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და ამჟამინდელი იდეური მემკვიდრეების გამართლება“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნას, სავარაუდოდ, დაესწრებიან ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი. ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ 8 მაისს გახდა ცნობილი. სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, რომ ის „მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში“.
პუტინმა მოსკოვში ზეიმზე ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი. სახელმწიფო სააგენტო Turkmenistan Today იტყობინება, რომ ბერდიმუხამედოვმა "მადლობა გადაუხადა მეგობარი სახელმწიფოს ლიდერს მოწვევისთვის". ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, ჩავა თუ არა იგი მოსკოვში.
კიდევ ერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზეა მიწვეული, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონია. დათანხმდა თუ არა ის მიწვევას, უცნობია. მისმა პრესსამსახურმა თქვა, რომ რაჰმონი დუშანბეში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას აპირებდა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი