"სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე"- რატი ბრეგაძე
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, საქართველო არის ევროპულო სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე.
„სამწუხაროდ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინათ, რომ ჰქონოდა ოთხი შიმშილობის ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში როგორც მოგეხსენებათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ძვირფას საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი