"ეს ემსახურება მხოლოდ რუსეთის ამოცანებსა და მიზნებს" - ნინო კალანდაძე პუტინის განკარგულებებზე
გულუბრყვილო იქნებოდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის ამ ცალმხრივი გადაწყვეტილების მოტივატორი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა ან მათ სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ FirstNews.ge - თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს რომ ასე იყოს, მოსკოვი გაცილებით ადრე გააუქმებდა სავიზო რეჟიმს, გაცილებით ადრე ეცდებოდა მოეხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების სირთულეები.
"პუტინს საქართველოში მისდამი ლოიალური და მისი პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება 11 წელია ჰყავს და შეეძლო ეს ნაბიჯი ბევრად ადრე გადაედგა.
ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და ემსახურება მხოლოდ რუსეთის ამოცანებსა და მიზნებს. აქ ნიშანდობლივი სწორედ ის დრო და გარემოებებია, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კერძოდ, რუსეთს სულ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები თუ რეჟიმები დარჩა, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს. ამიტომ, ასეთი რეჟიმების ხელისუფლებაში შენარჩუნება მისი სასიცოცხლო ინტერესია და ამ გადაწყვეტილებით პუტინი ეცადა მომდევნო არჩევნებისთვის ივანიშვილის რეჟიმს პოზიციები გაუმყაროს. ამავდროულად, ორმხრივი ფრენები, პირველ რიგში, სჭირდებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, იმ ოლიგარქებს, იმ ბიზნესმენებს რომლებიც მოექცნენ დასავლური სანქციების ქვეშ და ახლა საქართველოს გავლით ცდილობენ თავი აარიდონ სანქციებს.
უფრო შორსმიმავალი ამოცანა კი საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერებაა. პუტინის რუსეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან. მას რეგიონში ერთადერთი საყრდენი და მოკავშირე საქართველო რჩება.
აზერბაიჯანი მას გამოეცალა, შეიქმნა რა გაცილებით ძლიერი აზერბაიჯანულ-თურქული ალიანსი ნატოს წევრი თურქეთით. დროის საკითხია, როცა სომხეთიც დაეკარგება მას მისი კონტროლის ორბიტისგან. არ დაგვავიწყდეს, რომ კუხოს წევრი სომხეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო რუსეთმა, რაც ოფიციალური ერევნისთვის პირდაპირი გზავნილი იყო, რომ რუსეთი მათთვის სანდო პარტნიორი აღარაა. ამ მოცემულობაში პუტინმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას საქართველოს დაკარგვაც. ის უნდა მიაბას ევრაზიულ კავშირს, ევრაზიულ ეკონომიკურ ბლოკს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოუშვას ევროპის კავშირი რეგიონში. ამ მიზანს ემსახურებოდა რუსული კანონი, ამ მიზანს ემსახურება სავიზო რეჟიმის გაუქმება, მათ შორის ამ მიზანს ემსახურება პირდაპირი ფრენების აღდგენა, რომელიც პირდაპირ წითელი ხაზია დასავლეთისთვის,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის