„კაპიტულანტური პოზიცია გვაქვს და რუსეთს ვაბარებთ ქვეყანასო, ამას ხომ არ იტყვიან?!"- ანა ნაცვლიშვილი

ამ სიმძიმის ხიფათს, რის წინაშეც დღეს ხელისუფლებამ საქართველო დააყენა, საგარეო კურსის ცვლილებით, დასავლეთთან დაშორებით და რუსეთთან ჩახუტებით, მარტო პოლიტიკური ოპოზიცია ვერ უპასუხებს - ქუდზე კაცია საჭირო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული ხიფათის გამო საზოგადოების დისციპლინირებული, სტრატეგიული და ყოველდღიური ქმედებებია საჭირო.

 

„ეს არ არის იმ სიმძიმის ამოცანა, რომლის აწევაც ოპოზიციას შეუძლია, სულ რომ იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ამას მთელი საზოგადოების ქმედება სჭირდება - დისციპლინირებული, სტრატეგიული, ყოველდღიური და არა ფრაგმენტული და მხოლოდ ემოციური. ამ ბრძოლაში სხვადასხვა ფორმაა მოსაძებნი. საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ქუდზე კაცია საჭირო, იმ სიმძიმის ხიფათია ქვეყნის წინ“ , - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან არგაღიზიანების კი არა, ურთიერთობის დათბობის პოლიტიკა აქვს, დასავლეთთან კი დაშორების.

 

„კაპიტულანტური პოზიცია გვაქვს და რუსეთს ვაბარებთ ქვეყანასო, ამას ხომ არ იტყვიან?! სიმართლე რა არის - საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მე, როგორც მოქალაქეს და ოპოზიციის წარმომადგენელს ორი მოთხოვნა მაქვს - გაატარონ 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, რაც საქართველოს მისცემს სტატუსს და შესაბამისად, ევროკავშირის მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯს გადაადგმევინებს - ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება; მეორე და მნიშვნელოვანი - დღეს საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია რუსეთთან ურთიერთობის სტატუს-კვოს შენარჩუნებით კი არა, დათბობით და დაახლოებით, ხოლო დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და დაშორებით.

 

ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დათბობის და ჩახუტების, ხოლო დასავლეთთან დაშორების და ხიდების დაწვის პოლიტიკა. სხვა ვერაფრით აიხსნება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური რიტორიკა, ტროლების და ბოტების ქარხანა, რომელიც რამდენიმე თვეა მიზანმიმართულად მუშაობს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდაზე“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის ნაწილის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებზე. როგორც მან აღნიშნა, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას ოკუპანტი სახელმწიფოს მთავრობასთან მოქალაქეების და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის ზურგს უკან მოლაპარაკებები აქვს“.

 

„სხვა შემთხვევაში პირდაპირი ფრენების დაწყება უბრალოდ ვერ შედგებოდა. ამიტომ, კარგად გვესმის ვითარების სიმძიმე, დრამატულობა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალდებულებაა, საქართველოს მოქალაქეებს კარგად ავუხსნათ, რატომ ვართ ასეთი შეშფოთებულები და რა საფრთხეებს შეიცავს ის მოქმედებები, რასაც საქართველო ხელისუფლება ახორციელებს. ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილებას ვადევნებთ თვალყურს. ამ ყველაფერს ვერ გავატარებთ ისე, თითქოს არაფერი ხდება. მნიშვნელოვანია საპარლამენტო პროცესი, ასევე საზოგადოებრივი პროტესტი და ის, რომ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს. პასუხის არ გაცემა ან ტყუილი, ასევე არის სერიოზული სამართლებრივი დოკუმენტი. ამ პროცესში შევედით სადეპუტატო კითხვების გაგზავნით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წაკითხვა 356 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.