"პრეზიდენტი ასეთ მშვიდობიან პერიოდში გვაკრიტიკებს, ესეც დემოკრატიის მაგალითია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და ამის მაგალითად ასახელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. პრემიერმა დიასპორის ფორუმზე საუბრის დროს ძირითადი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ევროინტეგრაციის პროეცესსა და მშვიდობას დაუთმო.

"დღეს გვაქვს დემოკრატია. თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას, ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, დადასტურება"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მის გამოსვლამდე ფორუმზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა ემიგრანტებთან არსებული პოლიტიკის გამო.

 

"3 წელია იუსტიციის სამინისტროსგან ვითხოვთ, გავამარტივოთ მოქალაქეობის ტესტები. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქართველები? ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ოოო, ქართველია, თურმე... ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა, ეს არის მათი პირველი მოთხოვნა", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მოქალაქეობის მისაღები კრიტერიუმები გასამარტივებელია.

 

კრიტიკას კრიტიკით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მხრიდან ადამიანების "ნახევრად რუსებად" მოხსენიების გამო:

 

"შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად, ალბათ დამეთანხმებით. ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დიასპორის, პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად".

 

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ დღეს მსოფლიო დგას ბირთული ომის საფრთხის წინაშე და "პატარა და ამაყი ხალხის ხელისუფლების" მოვალეობაა ქვეყნისა და მოქალაქეების გადარჩენა.

 

"ჩვენმა ხელისუფლებამ მოვახერხეთ და თავიდან ავირიდეთ ამ დიდ და დამანგრეველ ომში ჩართვა... ბოლო ორი წელია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება ორნიშნა რიცხვით... ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც და სიტუაცია მიმდინარეობს სწორი მიმართულებით... ქვეყანა მდიდრდება და ძლიერდება და ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს", - განაცხადა მან.

 

პრემიერმა ფორუმზე დამსწრე ადამიანებს უთხრა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა:

 

"ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. ამიტომ, ჩვენ, - და ეს ჩვენი ვალდებულებაა, - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ..."

 

პრემიერმა დღესაც გაიმეორა, რომ "თუ დამსახურებაზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება", საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რასაც, მისი თქმით, იმსახურებს ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა.

 

დღეს, 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დიასპორის ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სიტყვის მიმართვის დაწყებამდე საქართველოს პრეიზდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხზე იდგა. მან მთავრობის პროტოკოლი წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

წაკითხვა 465 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 27 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.