"ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი!" - დავით უსუფაშვილი

მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა შევახსენო საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი!- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი განცხადებით პირდაპირ საუბრობს იმას, რომ „სახელმწიფო პარტიაა“. უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდი უგულებელყოფს პარლამენტის როლს და თავად გეგმავს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში ჩარევას, რაც კარგად ჩანს იმ კანონპროექტშიც, რომელზე დადებული ვეტოს დაძლევასაც გეგმავენ.

 

„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ გაერკვა იმის ანა-ბანაში, თუ ვინ არიან თვითონ და რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა. გველაპარაკებიან, პარტიის ამოცანაა, რომ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირება უზრუნველვყოთო. ესაა ღია განაცხადი, რომ „პარტიაა სახელმწიფო“, ამით ამბობენ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერსო. პარტია ამბობს, რომ კონსულტაციები ჰქონდათ პრეზიდენტთან ეროვნული ბანკის წევრთან დაკავშირებით. სად ამოიკითხეს, რომ რომელიმე პარტიას შეუძლია ჰქონდეს ამაზე კონსულტაციები? მაშინ „ლელოს“ რატომ არ ჰქონდა? დანგრეული აქვთ წარმოდგენა, რა არის სახელმწიფო, პარლამენტის როლი, პრეზიდენტის როლი და მმართველი პარტიის როლი.

 

ეს თემა დაიწყო ყოვლად აბსურდული კანონპროექტის შემოტანით, რომელსაც, გახსოვთ, ვაკრიტიკებდით. 4 და 5 ვიცე პრეზიდენტი გვინდაო. მარტო ბიძინა კი არ არის არაფორმალური მმართველი, თავად არიან არაფორმალური მმართველები ამ ქვეყნის. სადღაც დასხდნენ და მოილაპარაკეს, რომ ეს ადამიანი უნდათ ბანკის თავმჯდომარედ მაშინ, როცა კონსტიტუციაში ამხელა პუნქტებია ჩაწერილი, როგორ უნდა შეირჩეს თავმჯდომარე, როგორ უნდა იყოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა ორივეს შევახსენო, საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი, რომ სადღაც დასხდნენ და რაღაცებზე ილაპარაკონ. ამ საქმეს აქვს თავისი პროცესი. ყოვლად აბსურდული კანონი შემოიტანეს, სადაც თითოეული პუნქტი ღაღადებს, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა და სრულიად უხეშ ჩარევას აპირებს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში მაშინ, როცა ეროვნული ბანკის საკადრო საკითხები გადასაწყვეტია პარლამენტის მიერ. „ჩვენ, მმართველი გუნდი“ - ახალი ცნებაა შემოსული, რა უბედურებაა ეს? როცა სასამართლოს კლანზე ვსაუბრობთ, აღარაა ეს სწორი ფრაზები, აქ ლაპარაკია მმართველ კლანზე, 4 კაცი დაჯდება სადღაც და გადაწყვეტს, რომ ეს უნდა ეროვნულ ბანკში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა ეს განცხადება მათ შორის იმასაც, რომ მმართველი გუნდის აზრით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიძლება შეიწყალოს, უსუფაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიისთვის პრეზიდენტისგან „დამოუკიდებელი სიტყვების თქმაც“ კი მიუღებელია.

 

“სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ვადის თითქმის ამოწურვისას გადაწყვიტა დამოუკიდებელი სიტყვების თქმა და ეს დამოუკიდებელი სიტყვებიც კი მიუღებელია მმართველი პარტიისთვის,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

 

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

წაკითხვა 334 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.