რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება - ენმ-ის ახალი სტრატეგია და მისი სავარაუდო შედეგები
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს “ქართული ოცნება” მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს.
ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციის ერთიანი ლიდერი. ბოლო თვეების განმავლობაში |”ნაცმოძრაობა” მუდმივად ცდილობდა იმის ხაზგასმას, რომ სააკაშვილის პატიმრობა უფრო ჰუმანიტარული საკითხია, ვიდრე პოლიტიკური. აქცენტი კეთდებოდა ექსპრეზიდენტის ჯანრთელობის მდგომარეობაზე და იყო მინიშნებები, რომ სააკაშვილი საერთოდ წავიდოდა ქართული პოლიტიკიდან, თუკი პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცემოდა. პარტიაში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად, როგორც ჩანს, ეს მიდგომაც შეიცვალა, რაც თვალნათლივ იკითხება ენმ-ის მოქმედებებსა და განცხადებებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება - ენმ-ის ახალი სტრატეგია და მისი სავარაუდო შედეგები.
“ამ ცვლილებაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. “ქართული ოცნების”თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობაზე აპელირებამ არ გაამართლა და ახლა “ნაციონალური მოძრაობა” სათადარიგო გეგმაზე გადადის. “ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა “ბ”. გეგმა “ბ” არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ახალი გეგმა და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს მის სახლში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა”, - განაცხადა კობახიძემ. ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ლიდერი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირება თავიდანვე შეცდომა იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით, გააქტიურდა. “ნაციონალური მოძრაობის” სურვილია, რომ ხმების მობილიზაცია სააკაშვილის ფაქტორით შეძლონ. სააკაშვილს გამოჯანმრთელებას და პოლიტიკურ ბრძოლას ვუსურვებდი. ალბათ, თავიდანვე ასე უნდა ექნა. მისი თავისუფლების ერთადერთი შანსი ახლა არის ის, რომ 2024 წელს არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს. ვფიქრობ, პირველივე დღიდანვე მის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო. ამან საქართველოს მოქალაქეებს გადაჭარბების შთაბეჭდილება შეუქმნა. 2024-ის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს, ამის სურვილი მაქვს”, - განაცხადა დეკანოიძემ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სააკაშვილის გააქტიურება ენმ-დან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. იგი ექსპრეზიდენტს პოლიტიკიდან დისტანცირებასა და ნეიტრალურ ფიგურად დარჩენას ურჩევს. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას “ქართული ოცნება” თავის სასიკეთოდ გამოიყენებს”, - დასძენს გამოცემა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირება ალბათ მაინც შეცდომა იყო. მით უმეტეს, რომ ეს, როგორც “ოცნება” ამტკიცებს, ხელოვნურად იყო გამოწვეული და არა დაავადების გართულების კუთხით. ამიტომ ამ პროცესმა კრახი განიცადა, რამაც საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ზოგადად ოპოზიციას და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”. ახლა სააკაშვილის გააქტიურება, როგორც ჩანს, უკავშირდება ამ გეგმების შეცვლას. მაგრამ ოპოზიციის იმ ნაწილს, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, სხვა გამოსავალი არ აქვს. ისინი მოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში იმ დაპირებით, რომ სააკაშვილს დაიხსნიდნენ ციხიდან, მაგრამ ეს ვერ ხერხდება და როგორც ჩანს, ვერც მოხერხდება. ახლა გააქტიურებული სააკაშვილი რას წარმოადგენს? ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ის შეიძლება იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და სააკაშვილისგან დისტანცირების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ახალი იდეა, თითქოს “ნაციონალები”გვთავაზობენ, რომ სააკაშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი და ა.შ., ეს, ჩემი აზრით, მათი მხრიდან კიდევ ერთი შეცდომაა. სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმას, რომ არის ციხეში და იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება საქართველოში არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაინც და ჯობია იგი პოლიტიკაში იყოს ნეიტრალური ფიგურა. სხვა შემთხვევაში სიკეთეს ვერც თავის თავს მოუტანს და ვერც ოპოზიციას, პირიქით, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. არ გაამართლა “ა” გეგმამ და ვერც “ბ” გეგმა გაამართლებს. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე გეგმა გაამართლებს?! - თვლის ძაბირაძე
“ეს ოპოზიციას ბევრს არაფერს მოუტანს. იგივე ხატია დეკანოიძის სიტყვებს რომ დავესეხოთ, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო. რა გამოდის - სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით არაფერი სჭირდა, მთელი ამ თვეების მანძილზე ატყუებდა საზოგადოებას და საკუთარ მხარდამჭერებსაც. რომ კვდება, წამლავენ... ახლა გამოდის, რომ კარგ ჯანზეა და აქვს უნარი, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაებას. ეს ხომ არის ერთმანეთთან შეუთავსებადი ორი რამ. შეიძლება მართლმორწმუნე “ნაციონალებმა” ეს მიიღონ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ხომ არ არიან მხოლოდ სააკაშვილის ფანები, სხვადასხვა სეგმენტებია და რამდენად შეხედავენ ამას დადებითად, აქ უკვე კითხვები ჩნდება. გარდა ამისა, საზოგადოებამ დაინახა მისი მორალური სახე. ახლა იასკოს ისტორიაც დაემატა და არ მგონია ეს დადებითი კუთხით აღიქმებოდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ეს ვერც ოპოზიციაზე იმოქმედებს დადებითად. რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ სააკაშვილი ერთიანი ოპოზიციის ლიდერი გახდა, “ქართულ ოცნებას” ეძლევა შესანიშნავი საშუალება, რათა საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ ხელისუფლებაში ბრუნდება ისევ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი, რომელსაც არ მოუნანია თავიანთი მმართველობის დროს ჩადენილი შეცდომები. ეს გეგმა არ გაამართლებს კიდევ იმიტომ, რომ ვერ გაიგო ხალხმა საბოლოოდ რა უნდა სააკაშვილს. რამდენიმე დღის წინ განაცხადა - უკრაინელი ვარ და უკრაინულ პოლიტიკაში ვარ ჩართულიო. მე მგონი მას კონკრეტულად არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში აპირებს დაბრუნებას. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სურვილები, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში”, - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის