"ხაბეიშვილთან არჩევნებს რომ წააგებ და იმ პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს" - ირაკლი კობახიძე

ხაბეიშვილთან არჩევნებს რომ წააგებ და იმ პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს - საბოლოოდ, კარგია კინკლაობა რომ არის მელიასა და ხაბეიშვილს შორის, რადგან კიდევ უფრო დაასუსტებს „ნაცმოძრაობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რეიტინგი შეუმცირდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“, როგორც პარტიას, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.

 

„მელია, უბრალოდ, უთავმოყვარეო კაცია. წარმოიდგინეთ, ხაბეიშვილთან წააგო. გასაგებია, კეზერაშვილი იყო ამის უკან, მაგრამ ხაბეიშვილთან არჩევნებს რომ წააგებ და იმ პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. საბოლოოდ, კარგია ეს კინკლაობა რომ არის მელიასა და ხაბეიშვილს შორის - მათ ბელადებსა თუ მეგობრებს შორის. ეს კარგია, რადგან კიდევ უფრო დაასუსტებს „ნაცმოძრაობას“. დღეს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 20%-ს ქვემოთაა ჩამოსული. ბუნებრივია, ამ კინკლაობის შედეგიცაა რეიტინგის ვარდნა. მთავარია, რომ რეიტინგი შეუმცირდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“, როგორც პარტიას, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი „ლელოთი“, „გირჩით“, ვაშაძით, გახარიათი და სხვა პარტიებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა ე.წ. მესამე ძალის შექმნაზე და აღნიშნა, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმოიშობა და ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარების გასაღები არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“განეიტრალდეს“.

 

„არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის შიგნით პერსონალურ დონეზე არის კინკლაობა, დაპირისპირებები და ა.შ. ვიცით, რომ ხაბეიშვილს, მელიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ა.შ. - ზოგს უყვარს ერთმანეთი, ზოგს - არა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ღმერთმა არ ქნას და რაღაც რომ მოხდეს და ძალაუფლება ისევ ამათ მიეცეთ, ზუსტად იგივე განმეორდება, რაც 2012 წლამდე იყო. ეს ადამიანები, ვინც ახლა ერთმანეთს აგინებენ, ისევ ერთად შეიკვრებიან და რატომ - ისინი, ყველა აგენტურაა, მიიღებენ დავალებას და როდესაც ერთად მოქმედებას მოსთხოვენ ქვეყნის წინააღმდეგ, ისევ ერთად შეიკვრებიან. ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმოიშობა. ეს იქნება უბრალოდ ფორმალური გადაჯგუფება. თუ საუბარია ჯანსაღ, ახალ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც თეორიულად, შეიძლება გაჩნდეს ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დღეს მონოპოლია აქვს მედია და ფინანსურ რესურსებზე. ასეთ პირობებში სხვა პოლიტიკურ პარტიებს ძალიან უჭირთ პოლიტიკურ სისტემაში შევიდნენ, ეს ობიექტური რეალობა და პრობლემაა. ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარების გასაღები არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს და ეს პოლიტიკური ძალა უნდა ჩანაცვლდეს არა ახალი აგენტურით, არამედ ჯანსაღი, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 272 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.