“რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება...”
“ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია, განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი.
როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის. გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით _ როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება...”.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და “ვაგნერის” რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა. ყველაზე მეტად ის მიკვირს, საქართველოს პრორუსულ ბანაკში პუტინის ამ დროებით გადარჩენის გამო სიხარულის ჟივილ-ხივილი რომ ატყდა. როგორ უნდა დაეცეს ქართველი ისე, რომ უხაროდეს საქართველოს უპირველესი მტრის, ოკუპანტის გადარჩენა. თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, თურმე მთელი ეს არეულობა: ვერტმფრენების ჩამოყრა, მოსკოვში სანგრების შენება, ქალაქის შესასვლელების ჩახერგვა და ასე შემდეგ, გამოწვეული იყო “ვაგნერის”, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების ბრძოლის ველიდან გამოყვანის, დაშლის ან არმიაში ინტეგრირების მიზნით. მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ამ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მან ჯერ მოღალატედ გამოაცხადა პრიგოჟინი, მერე კი იძულებული გახდა “მოღალატესთან” გარიგებულიყო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად ომისა, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა დაუცველობის განცდა გაუჩნდებათ. გასაგებია, ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშკარად გამოჩნდა, რა დიდი დაძაბულობაცაა რუსეთის არმიაში, ეს კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ დაიწყეს კიდეც გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევა, რაც მისასალმებელია. დიახ, რაც მოხდა, სწორედ რუსეთის სისუსტის დასტურია. შესაძლოა იმ სცენარით არ წარიმართა, როგორითაც ჩვენ გვსურდა და რასაც ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსული იმპერია სასტიკ მარცხს განიცდის ამ გლობალურ ომში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც ასეთ ვითარებაში ხელისუფლება თავშეკავებულია, ცუდი არ არის, საკითხავი სხვა რამეა: რა არის თავშეკავების რეალური საფუძველი? შეფასებებში სიფრთხილის გამოჩენა იმ დროს, როდესაც ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადია, ცუდი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიფრთხილე კი არ იყო, არამედ უფრო დაბნეულობასა და დემორალიზებას ჰგავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ლამის ფატალური შეცდომები, როდესაც ფსონი დადო რუსეთის უძლეველობაზე და შესაბამისად, ამის გასამართლებლად დაიწყო ანტიდასავლური კამპანია. პრინციპში, ახლა ამ არასწორად აწყობილი პოლიტიკის მძევალია. ეს, რა თქმა უნდა, მას მანევრირების არეალს უზღუდავს. ახლა ცდილობენ ოდნავ სხვა ტალღაზე გადმოლაგდნენ, მაგრამ ბრიყვი არავინ არის და ყველას კარგად ესმის რა და როგორ არის. ვთქვათ, რუსეთში ამ დაპირისპირებას მასშტაბური ხასიათიც რომ მიეღო, “ქართულ ოცნებას” მაინც ძალიან გაუჭირდებოდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“დღეს “ქართული ოცნების” ტრაგედია ის არის, რომ მან მშვიდობისა და კეთილდღეობის სახელით უღალატა საკუთარ მეგობრებს და ამის ასახსნელად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რა აღარ დააბრალა, თან გეზი კოლაბორაციონიზმისკენ აიღო. მეგობრები და პარტნიორები უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღეს და თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, რომ იძულებული არიან ასეთ სიტუაციებში მტერს უგულშემატკივრონ. არადა, ჩვენ რუსეთიდან მომდინარე რისკებისა და საფრთხეების შეფასება მუდმივად გვჭირდება. ჩვენთან მდგომარეობა ძალიან გართულებულია - დაახლოებით 150 000 რუსი ჩამოსახლდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, ქვეყანა ეკონომიკურად რუსეთს მიება და ეს კავშირები ათას მამაძაღლობაშია გადასული... მეტასტაზებივით არის მოდებული რუსეთის ინტერესები ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ამისგან გათავისუფლება უცებ და ნაციონალურ უსაფრთხოებაზე ფიქრი კრემლის კარნახის გარეშე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომც მოინდომოს. ფაქტობრივად, თავისივე არასწორი პოლიტიკის მძევლად იქცა”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებას, წარმოუდგენელია “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკა - ადამიანმა გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ხომ შეიძლება პოლიტიკური სიბრმავე ახლა მაინც არ გამოიჩინო და დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი? თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადამიანი ღირსეულად მოიქცა. მან სახელმწიფო ინტერესები დააყენა პირად ბოღმაზე, შურისძიებაზე, მეტიც, საკუთარ თავმოყვარეობაზე მაღლა. როგორ შეიძლება ეს არ დაუფასო პოლიტიკოსს?! როდესაც ამაზე მწვავე რეაქცია აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს გასაგებია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” აგრესია და შეთქმულებების თეორიების განვითარება ყოვლად მიუღებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი მენტალიტეტის პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც ყველაფერი აგებული აქვთ მითოლოგიაზე. პოლიტიკური რაციო არ ფიგურირებს სამყაროს მათებურ აღქმაში. მათთვის პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად რელიგიური ბრძოლაა ჭეშმარიტი მესიის გამოსავლენად. ფაქტობრივად, ეს ორი პარტია ერთმანეთს იმისთვის ებრძვის, რომ დადგინდეს, ბიძინაა მესია თუ მიშა”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“მსოფლმხედველობით ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს - ორივე მიიჩნევს, რომ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია. ეს არის მათი მოქმედების მთავარი ალგორითმი. დღეს სახელმწიფოებრივად აზროვნების ფორმულა იცით, როგორია? - თუ “ქოცისთვის” “ნაცი” ხარ და “ნაცისთვის" "ქოცი", აი, მაშინ აზროვნებ სახელმწიფოებრივად. ნიკა გვარამიას შეწყალება ევროინტეგრაციის გზაზე შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენთან შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება. საქმე ის არის, რომ ეს არის ერთჯერადი აქტი, ამით არც მართლმსაჯულებისა და არც მედიის პრობლემები არ მოგვარდება. ვფიქრობ, არც პოლარიზაციას შეამცირებს - თუ ქვეყანაში არ იქნება სამართალი, ვერც მშვიდობა იქნება და ვერც პოლარიზაცია შემცირდება. პრეზიდენტის ერთი გადაწყვეტილება სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს. თუმცა ევროკავშირი მზად არის ავანსად რაღაცები მოგვცეს, უფრო სწორად, მისცეს ქართულ სახელმწიფოს და არა მის ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი და არა ევროპასთან ფასეულობათა სისტემის დაახლოების თვალსაზრისით”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის