"სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი" - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. დღეს თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და ეს სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რომ შეცდომები დაეშვა, ქვეყანაში არ იქნებოდა მშვიდობა.

 

„ჩამოგითვლით, მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ეს გააკეთა სააკაშვილმა; სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში; მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც გააკეთა სააკშვილმა და დაპირებები, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმ წლის დასაწყისში. სააკაშვილი კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში. ეს ყველაფერი, ავანტიურისტული ქმედებები, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა.

 

შემდეგ შემიძლია, შეგახსენოთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა ხელი. იქ წერია, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ამაზე ხელი მოაწერეს. ღრმად არ შევდივარ ამ თემაში, მაგრამ თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი, პირდაპირ თქვა. არა მარტო, საქართველომ დაიწყო ომიო, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო. ასევე თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარიო, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ციტატა.

 

თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენს პარტნიორებს, სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი. წადით და ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს, რას ფიქრობს დღეს, ჰკითხეთ „ნაცმოძრაობას“, ეთანხმებიან თუ არა იმ ჩანაწერს, რომელიც არის ჩადებული რეზოლუციაში. მე არ შემოვდივარ ამ თემაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რაც თქვა პრემიერმა, რომ ის შედეგი, რომელიც დადგა, თავიდან ბოლომდე იყო სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ რომ დაგვეშვა შეცდომები გასული 2-3 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შედეგი სხვა იქნებოდა. შედეგი იქნებოდა არა მშვიდობა, არამედ ის, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდოდა კიდევ ერთხელ, რაც მოგვიტანეს 2008 წელს. ეს იყო 500 დაღუპული ადამიანი და 30 000 დევნილი, ამაზე უარესი შედეგი უნდოდა „ნაცმოძრაობას“ ახლა ჩვენი ქვეყნისთვის. „ნაციონალობა“ ნიშნავს გონების დაბინდვას. რუსეთს შეიძლება ნებისმიერ მომენტში უნდოდეს ომი, მაგრამ შენ როცა ხელისუფლება ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს თავიდან აირიდო. ამიტომ ადეკვატური კითხვები დასვით“, – მიმართა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 270 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.