ღარიბაშვილმა "ჯარის ბანაკი" გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი, "ჯარის ბანაკი", გახსნა და მის მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ "მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია", ამიტომ ახალგაზრდებს "სწორი ორიენტირების" განსაზღვრა სჭირდებათ.
პროექტის გახსნის ღონისძიება კოჯორში გაიმართა. მას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ განათლებისა და თავდაცვის მინისტრები, გიორგი ამილახვარი და ჯუანშერ ბურჭულაძე. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვას ისმენდნენ "ჯარის ბანაკის" მონაწილე მოსწავლეები, დამსწრეებს შორის იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში "ჯანსაღი, სწორი ღირებულებების", "ოჯახის ღირებულებების" პოპულარიზაციას და "პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას".
"დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას სჭირდება სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს ჩართულობა. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და "ჯარის ბანაკი"? ჩვენ სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ ჩვენს მომავალ თაობას... მნიშვნელოვანია, გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ განსხვავება და მიმაჩნია, რომ, ზოგადად, არა მხოლოდ ოჯახის, განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში, ძალიან მნიშვნელოვანია", - მიმართა ღარიბაშვილმა ადგილზე შეკრებილ ბანაკის მონაწილეებს. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ჯარის როლსა და საქმიანობაზე სწავლება არა მხოლოდ სკოლებში, ბაღებშიც უნდა შეიტანონ.
პრემიერ-მინისტრმა მონაწილეებს უთხრა, რომ ბანაკში სწავლისას გაიგებენ, როგორ იმართება ჯარი და შეხვდებიან ვეტერანებს:
"თქვენ გექნებათ უნიკალური შანსი, გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ზოგადად, ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს, რომლებიც თავად მოგიყვებიან საგმირო საქმეებზე - არა მხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ, არამედ აწმყოში, სულ რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებზე".
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით ხორციელდება. ბანაკში, ჯამში, 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თითო ლოკაციაზე, დაახლოებით, 100 მოსწავლე იქნება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი